მარნეულის სოფელ ქაფანახჩში ცნობილი ხელოვანის, აშუღი ქამანდარის სახლ-მუზეუმი გაიხსნა
მარნეულის სოფელ ქაფანახჩში ცნობილი ხელოვანის, აშუღი ქამანდარის სახლ-მუზეუმი გაიხსნა

მარნეულის სოფელ ქაფანახჩში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს დაფინანსებით, განთქმული ხელოვანის, აშუღი ქამანდარის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხელოვანის მშობლიურ სახლს სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

მისი გახსნის მიზანი აშუღობის ტრადიციის პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის ამ კულტურის გადაცემაა.

ღონისძიებაას ესწრებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, კახა სიხარულიძე, რომელმაც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ კავშირზე ისაუბრა.

სახლ-მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი, ანარ ქარიმოვი.

პრეზენტაციას ასევე დაესწრო თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელი სერქან ქირალი და ამავე სააგენტოს თბილისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი.

ღონისძიებაზე მხარეებმა ისაუბრეს სამი ქვეყნის მჭიდრო კულტურულ კავშირსა და მათ მეგობრობაზე, რის შემდეგაც მუზეუმის სახელით სტუმრები მედლებით დაჯილდოვდნენ.