მარნეულის სოფელ იმირში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ გადაჭრილ გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ გადაჭრილ გორაზე, ეროვნული მუზეუმისა და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მიმდინარე წლის არქეოლოგიური სამუშაოები დაასრულა.
აღნიშნულ ძეგლებზე სამუშაოები თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სამუშაოების დასრულების პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.
ექსპედიციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მინდია ჯალაბაძემ, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორ არქეოლოგთან, სტეფანე ბატიუკთან ერთად შეხვედრის დამსწრეებს წლევანდელი სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ადგილზე განხილულ იქნა მუზეუმის კონცეფციის საკითხები და ამ მიმართულებით დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯები.
აღსანიშნავია, „გადაჭრილი გორის“ დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები, რათა ადგილზე სამუზეუმო სივრცის მოწყობის მიზნით, ეტაპობრივად ჩატარდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ცენტრალური გზიდან ძეგლამდე ქვაფენილის მოწყობა და ძეგლის შესაბამისი სტანდარტებით გადახურვა, რისთვისაც დაახლოებით 1,200000 ლარია გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები ნეოლითური ხანის ნასოფლარზე – გადაჭრილ გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.
პროგრამის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერების – საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების – არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, პალეობოტანიკის პოპულარიზაცია.