შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო
შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო

შუამთის მონასტერში არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე ფიზიკურ სამუშაოებს არქეოლოგიური ჯგუფი უახლოეს პერიოდში შეუდგება.

კვლევითი პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს ალავერდის ეპარქიის ინიციატივით ხორციელდება და მას კომპანია RMG დააფინანსებს.

სამეცნიერო მისიას კი არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ხელმძღვანელობით „ფონდი ძველი შუამთა“ განახორციელებს.

შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ექსპედიციის წევრები უზრუნველყოფენ მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების განლაგების სქემისა და ცალკეული ობიექტების ანაზომების, ასევე გამოვლენილი ნაგებობებისა და კულტურული ფენების სტრატიგრაფიული ჭრილების მომზადებას, გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას.

მიმდინარე სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიის ზედამხედველობით წარიმართება.

არქეოლოგიური კვლევის პროცესი 2018 წლის ზაფხულამდე გასტანს. სამუშაოებისთვის კომპანია RMG-მ უკვე გამოყო 25000 ლარი.