მარნეულის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტი დეკემბრის თვეში მოხდა, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
მარნეულის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტი დეკემბრის თვეში მოხდა, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

მარნეულის პოლიციის უფროსი გიორგი ნავროზაშვილი აცხადებს, რომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტი, რომლის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, დეკემბრის თვეში მოხდა.

როგორც ნავროზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ძაღლზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„აღნიშნული პირი უკვე დაკავებულია სსკ-ის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ამ ეტაპზე ძაღლი ნანახი ვერ იქნა, თუმცა კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დანარჩენ დეტალებზე პრესცენტრი გააკეთებს კომენტარს“, – აღნიშნა გიორგი ნავროზაშვილმა.

რაც შეეხება ვიდეოკადრებში ასახული ძაღლის შესახებ დასმულ შეკითხვას, ნავროზაშვილის თქმით, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ცხოველი დაიღუპა.

„ამ ეტაპზე ვერ ვადასტურებთ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულია და მოწმეთა გამოკითხვებით ასეა. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დეკემბრის თვეში მოხდა ფაქტი“, – განაცხადა ნავროზაშვილმა.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მარნეულის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებული პირი დაკავებულია.

ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ მარნეულის პოლიციასთან მოქალაქეები და ცხოველთა უფლებადამცველები შეიკრიბნენ. ისინი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულის მაქსიმალური სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ.