მარკო რუბიომ მინისტერიალის მონაწილეებს მიმართა – თქვენ აქ ხართ, რადგან თქვენს ქუჩებში თავს ესხმიან პოლიტიკურ ლიდერებს, სცემენ და ცოცხლად წვავენ პოლიციელებს, ვითარება უარესდება, მისი იგნორირება აღარ შეიძლება

19:29, 16.07.2026

თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ თქვენს ქუჩებში თავს ესხმიან, დანით ჭრიან და ესვრიან პოლიტიკურ ლიდერებს, აფეთქებებს უწყობენ თქვენს ბიზნესებს, აზიანებენ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, სცემენ და ცოცხლად წვავენ პოლიციის თანამშრომლებს. ეს რეალურია, ეს ვითარება უარესდება, მისი უარყოფა უკვე შეუძლებელია, მისი იგნორირება აღარ შეიძლება, დადგა დრო, ეს ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ გავანადგუროთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვაშინგტონში, „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მეტისმეტად დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს ანტიტერორისტულ დოქტრინას ერთი სერიოზული ბრმა წერტილი ჰქონდა – პოლიტიკური მემარცხენე ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე ძალადობა. დღესაც კი, თავად აზრი, რომ უკიდურესი მემარცხენე ტერორიზმი, შეიძლება, სერიოზული საფრთხე იყოს, ბევრისთვის მემარჯვენეების ავადმყოფურ ფანტაზიად ან უარესიც, სახიფათო ფაშისტურ შეთქმულების თეორიად მიიჩნევა. ასე აღიქვამს ამას მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი, აკადემიური წრეების ნაწილი, ჩვენი უნივერსიტეტები და მრავალი ტრადიციული ინსტიტუტი. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ კონფერენციის გაშუქებისასაც სწორედ ამ მიდოგმის გამოვლინებას ვიხილავთ. მიუხედავად აშკარა და უდავო რეალობისა, მიუხედავად ობიექტური ციფრებისა და სტატისტიკისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ დარბაზში პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა მიმართულების წარმომადგენლები იმყოფებიან, მაინც მოვისმენთ, რომ ასეთი ორგანიზებული ძალადობა და ტერორი უარყოფილი იქნება. მას პარტიულ გამონაგონად გამოაცხადებენ. ჩვენს ქვეყნებში მთელი ინდუსტრია ჩამოყალიბდა ექსტრემიზმის შესწავლის გარშემო. არსებობს კვლევითი ცენტრები, სტიპენდიები, სამეცნიერო ჟურნალები და საკონსულტაციო ორგანიზაციები, რომლებიც გაუთქმელ წინაპირობას იზიარებდნენ – თითქოს პოლიტიკური ძალადობის მხოლოდ ერთი სახე წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს ჩვენი საზოგადოებისთვის. თუ ბომბს ნეონაცისტური ჯგუფი დებდა, ეს ბოროტი და ლეტალური დანაშაული იყო. და მართლაც ასეა. მაგრამ თუ ბომბს მარქსისტი რევოლუციონერი დებდა, ეს, მათი წარმოდგენით, მხოლოდ იდეალიზმის ტრაგიკული გადაჭარბება იყო. შესაძლოა, მეთოდები მცდარი ან გადამეტებული ყოფილიყო, მაგრამ მიზნები – კეთილშობილური და სამართლიანი. სწორედ ასეთ დამოკიდებულებას ვხედავდით“,- განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, წლების განმავლობაში საოცარი იდეოლოგიური მიკერძოება განსაზღვრავდა იმას, როგორ ხდებოდა საუბარი პოლიტიკურ ძალადობასა და ექსტრემიზმზე.

„ამას იმდენჯერ იმეორებდნენ, რომ საბოლოოდ ნეიტრალურ და ობიექტურ ჭეშმარიტებად აღიქვეს. ეს წარმოდგენა იმდენად ღრმად დამკვიდრდა მეინსტრიმულ აზროვნებაში, თითქოს პოლიტიკისგან დამოუკიდებელ ფაქტად იქცა. სწორედ ამიტომ, ჩემს ქვეყანაში გავლენიან თანამდებობებზე მყოფი ადამიანები არაერთხელ ამართლებდნენ ძალადობასა და ზოგჯერ ტერორიზმსაც, თუ ის მემარცხენე პოლიტიკური მიზნების სამსახურში იდგა. სწორედ ამიტომ, 2020 წლის ზაფხულში, ჯორჯ ფლოიდის სახელთან დაკავშირებული არეულობების დროს, როდესაც დამნაშავეები და ექსტრემისტები ამერიკის დიდ ქალაქებს წვავდნენ, ძარცვავდნენ და ქვეყანა თითქმის პარალიზების პირას მიიყვანეს, ქვეყნის მრავალ ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უბრალოდ უარი თქვა ამ ძალადობისა და ტერორის მონაწილეთა სისხლისსამართლებრივ დევნაზე. ამავე მიზეზით გაჩნდა დღეს უკვე ცნობილი კადრიც, რომელიც ალბათ ბევრს გახსოვთ: ცნობილი ტელეარხის წამყვანი იდგა ცეცხლში გახვეულ უბანში, ხოლო ეკრანის ქვედა ნაწილში ეწერა, რომ „პროტესტები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობს“. ეს უბრალოდ ორმაგი სტანდარტი არ ყოფილა. მემარცხენე ძალადობა მხოლოდ გამართლებულად კი არ მიიჩნეოდა, ის ხელშეუხებელ მოვლენად, განსაკუთრებული დაცვის ღირსად იყო ქცეული. ეს ეპოქა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

მისივე თქმით, დღეს ვაშინგტონში, დარბაზში შეკრებილი კოალიცია მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და სამართალდამცველებს აერთიანებს.

„თქვენ აქ ჩამოხვედით სხვადასხვა მთავრობიდან, სხვადასხვა პარტიიდან და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე გარემოდან. ზოგიერთ თქვენგანსა და ჩვენს მთავრობას შორის არსებობს საჯარო უთანხმოებები. ზოგჯერ სერიოზულად ვკამათობთ ვაჭრობის, ენერგეტიკისა თუ იმიგრაციის საკითხებზე. თქვენ აქ იმიტომ არ მოსულხართ, რომ ამერიკის შეხედულებები მსოფლიოს შესახებ ყველა საკითხში გაიზიარეთ. თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ ორი კვირის წინ საბერძნეთში 72 წლის ქალი საკუთარ სახლში ცეცხლგამჩენი ბომბის შედეგად დაიწვა და გარდაიცვალა, რადგან მისმა ქალიშვილმა არჩევნებში კენჭისყრა გაბედა. თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ ამ ზამთარში ბერლინში ხუთი დღის განმავლობაში ელექტროენერგია გაითიშა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქში ყველაზე ხანგრძლივი გათიშვა იყო. თავდასხმამ ათიათასობით ოჯახი ყინვაში ელექტროენერგიის გარეშე დატოვა და 83 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. თქვენ აქ იმიტომ მოხვედით, რომ ბერლინში ელექტროენერგიის გათიშვიდან ერთი თვის შემდეგ საფრანგეთში, ლიონის ქუჩებში 23 წლის ახალგაზრდა ქალს უკიდურესი მემარცხენე მებრძოლთა ჯგუფმა სასტიკად სცემა. თავში მძიმე ტრავმების შედეგად ის გარდაიცვალა. თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ თქვენს ქუჩებში თავს ესხმიან, დანით ჭრიან და ესვრიან პოლიტიკურ ლიდერებს; იმიტომ, რომ აფეთქებებს უწყობენ თქვენს ბიზნესებს; იმიტომ, რომ აზიანებენ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას; იმიტომ, რომ სცემენ და ცოცხლად წვავენ პოლიციის თანამშრომლებს. თქვენ აქ იმიტომ ხართ, რომ ეს რეალურია. ეს ვითარება უარესდება, მისი უარყოფა უკვე შეუძლებელია და მისი იგნორირება აღარ შეიძლება. დადგა დრო, ეს ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ გავანადგუროთ. მარტივი ფაქტია, რომ ყველაფერი, რაც ახლა აღვწერე, ახალი არ არის“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, უკიდურესი მემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმი თანამედროვე ეპოქის ახალი მოვლენა არ არის.

„ეს არც კონსერვატორი პოლიტიკოსების მიერ გამოგონილი მითია. პირიქით, თანამედროვე ისტორიის უმეტესი პერიოდის განმავლობაში სწორედ ის იყო პოლიტიკური ძალადობის დომინანტური ფორმა. დასავლეთ ნახევარსფეროდან აქ მყოფ ჩვენს ყველა მეგობარს კარგად ახსოვს ეს. თქვენ გახსოვთ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე გატაცებები, აფეთქებები, პოლიტიკური მკვლელობები და სიკვდილით დასჯა. გახსოვთ ტუპამაროსების, მონტონეროსების, FARC-ისა და ELN-ის ძალადობრივი ტერორი. თქვენ გახსოვთ პერუს „ნათელი გზის“ (Shining Path) არაადამიანური სისასტიკე — მაოისტი ფანატიკოსები, რომლებიც გლეხურ სოფლებში ხოცავდნენ ადამიანებს და ორსულ ქალებსა და ახალშობილებს ნაჯახებითა და მაჩეტებით კლავდნენ. თქვენ გახსოვთ ათიათასობით მარქსისტი პარტიზანი, რომლებიც კასტროს ტერორისტულ ბანაკებში მკვლელობისთვის იყვნენ მომზადებული. ევროპიდან ჩამოსულებსაც ეს ყველაფერი კარგად გახსოვთ. თქვენ გახსოვთ იტალიის „წითელი ბრიგადების“ ავტომატური იარაღით ჩადენილი მასობრივი მკვლელობები. მათ ხუთგზის პრემიერ-მინისტრი 55 დღის განმავლობაში ტყვედ ჰყავდათ, შემდეგ ე.წ. სახალხო რევოლუციური სასამართლო მოუწყვეს და 1978 წელს სიკვდილით დასაჯეს. თქვენ გახსოვთ გერმანიის „წითელი არმიის ფრაქციის“ თითქმის ოცდაათწლიანი კამპანია, რომელიც აფეთქებებს, გატაცებებსა და პოლიტიკურ მკვლელობებს მოიცავდა. მათ ათეულობით ადამიანი მოკლეს და ასობით დაჭრეს. თქვენ გახსოვთ საბერძნეთის ორგანიზაცია „17 ნოემბერი“ – მარქსისტი ექსტრემისტები, რომლებიც ათენს მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ატერორებდნენ. მათ, სხვათა შორის, ჩემი ქვეყნის CIA-ს რეზიდენტურის ხელმძღვანელი საკუთარი სახლის წინ, მეუღლის თვალწინ მოკლეს, როდესაც საშობაო წვეულებიდან ბრუნდებოდნენ. და ჩვენც, ამერიკაში, გვახსოვს. გვახსოვს სასიკვდილო ტერორის იგივე ტალღა, რომელიც იმავე ლოზუნგებით მართლდებოდა და იმავე დამანგრეველი იდეებით იყო შთაგონებული. გვახსოვს Weather Underground-ი, რომელმაც პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი და კაპიტოლიუმი ააფეთქა. გვახსოვს Black Liberation Army, რომელიც შეიარაღებულ ძარცვებს აწყობდა და პოლიციელებს ახლო მანძილიდან კლავდა. გვახსოვს Symbionese Liberation Army, რომელმაც საჯარო სკოლის ზედამხედველი ციანიდით შევსებული ექსპანსიური ტყვიებით მოკლა. 1971-1972 წლებში, მხოლოდ 18 თვის განმავლობაში, FBI-მ ამერიკის ტერიტორიაზე დაახლოებით 2 500 აფეთქება აღრიცხა — საშუალოდ თითქმის ხუთი აფეთქება დღეში. ამ ძალადობის აბსოლუტური უმრავლესობა უკიდურესი მემარცხენე ექსტრემისტების მიერ იყო ჩადენილი“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, 1970-1980 წლებში დასავლეთში ტერორისტული თავდასხმების 93 პროცენტი სწორედ უკიდურეს მემარცხენე ჯგუფებზე მოდიოდა.

„ეს ისეთი ციფრებია, რომლებიც დღეს ამერიკელთა უმეტესობას გააოცებდა, რადგან მათ ასწავლეს, თითქოს ასეთი პოლიტიკური ძალადობა საერთოდ არ არსებობს ან მისი მასშტაბები გადაჭარბებულია. მაგრამ ის არსებობს. უფრო მეტიც, ჩვენ რეალურ საფრთხესაც კი სათანადოდ ვერ ვაფასებთ. და ამის დასამტკიცებლად ჩვენს ქვეყნებს მძიმე კვალი დღემდე ეტყობათ. დღეს კი ამ ძველი ბოროტების ახალი ტალღის წინაშე ვდგავართ. შეერთებულ შტატებში უკიდურესი მემარცხენე ტერორისტული თავდასხმებისა და შეთქმულებების წილი იმ დონემდე გაიზარდა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს. გერმანიაში მემარცხენე ძალადობა მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 40 პროცენტზე მეტით გაიზარდა. საბერძნეთში კი რადიკალური ძალადობის 80 პროცენტზე მეტი დღეს უკიდურესი მემარცხენე და ანარქისტული ჯგუფების მოქმედებებს უკავშირდება. ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკა არ არის. ამერიკელებმა საკუთარი თვალით იხილეს, რას ნიშნავს ეს ციფრები: ფართომასშტაბიანი თავდასხმები საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებზე, სნაიპერული თავდასხმები, აფეთქებები, შეიარაღებული ჩასაფრებები, ტრანსგენდერი თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გახსნა კათოლიკური დაწყებითი სკოლის მოსწავლეების მისამართით, როცა ისინი ლოცულობდნენ. მის იარაღზე ეწერა: „სად არის ახლა თქვენი ღმერთი?“ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ცივსისხლიანად მოკლეს ქუჩაში. განხორციელდა მოქმედი პრეზიდენტის მკვლელობის რამდენიმე მცდელობა. მოკლეს მთელი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი – ადამიანი, რომელიც ასევე იყო მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვის მამა. მას სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს და მოკლეს. ეს განსაკუთრებული და გამორჩეული ბოროტებაა. მას ყოველთვის, უპირველეს ყოვლისა, სიძულვილი ამოძრავებდა. სიძულვილი თავად ცივილიზაციის მიმართ. ეს არის ყველაზე უარესთა აჯანყება საუკეთესოთა წინააღმდეგ; სუსტებისა და მშიშრების აჯანყება ძლიერებისა და ღირსეულების წინააღმდეგ. ამ ძალადობას ჩადიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ, შექმნან, ვერ ქმნიან ახალს, ვერ აღწევენ დიდ წარმატებებს და, საკუთარი უუნარობის გამო, შურისძიებას სამყაროზე იმით ცდილობენ, რომ ანადგურებენ მათ, ვისაც ამის უნარი აქვს. აი, რა არის რადიკალური მემარცხენეობა“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

მისივე თქმით, სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში რადიკალური მემარცხენეობას, შეიძლება, სხვადასხვა ლოზუნგი და იდეოლოგია ჰქონდეს.

„ისინი საკუთარ თავს შეიძლება, ანტიკაპიტალისტებს, ანტიიმპერიალისტებს, კომუნისტებს, ანარქისტებს ან მარქსისტებს უწოდებდნენ, მაგრამ მათი ფუნდამენტური ბუნება ყოველთვის ერთი და იგივეა. ეს არის შხამიანი ბოღმა, რომელიც თანასწორობის, სამართლიანობისა და გათავისუფლების ენით არის შენიღბული. ეს არის დაუძლეველი სურვილი, დაანგრიონ ყველაფერი, რაც მათზე დიდმა ადამიანებმა შექმნეს; გაანადგურონ ის, რაც ლამაზია და სწორია, იმ ადამიანების სახელით, რომლებიც თავად მხოლოდ სიმახინჯით არიან სავსენი და მსოფლიოსთვის სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ. ძალადობითა და ტერორით ისინი კვლავ ცდილობენ, თავიანთი სიმახინჯე ყველას მოგვახვიონ თავს. ძველი მიდგომა მცდარი იყო. არცერთი ეს მოვლენა იდეალიზმით არ არის განპირობებული. ეს არ არის უტოპიური მისწრაფება. სინამდვილეში, პირიქითაა. მაგალითად, კომუნიზმის მიმართ ხშირად ისმის კრიტიკა, რომ თეორიაში კარგად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში არასოდეს მუშაობს. სინამდვილეში, ესეც არასწორია. კომუნიზმი თეორიაშიც არ ჟღერს კარგად. სამყარო, რომელსაც ის გვთავაზობს, პატარა, ერთფეროვანი და ნაცრისფერია; სამყარო, სადაც ყველა გამორჩეულობა წაშლილია და ადამიანის სულში არსებული ყოველგვარი სიკეთე და კეთილშობილება გამოცლილია. ეს არის სამყარო, სადაც არ არსებობს სიმამაცე. არ არსებობს შემოქმედებითობა და ამბიცია. არ არსებობენ გმირები, დიდება და ის დიადი მიზნები, რომელთა მიღწევისთვისაც ღირს ბრძოლა. არ არსებობს სასწაულები. არ არსებობს მითები. არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვებზე მაღლა დგებიან და განსაკუთრებულ საქმეებს აკეთებენ. კომუნიზმის მიერ წარმოდგენილ სამყაროში ღმერთსაც კი ადგილი არ აქვს. რევოლუციური ძალადობის ამ იდეოლოგებისთვის ჩვენი ცივილიზაციის უდიდესი მიღწევები აუტანელ დამცირებას წარმოადგენს – მუდმივ შეხსენებას იმისა, რისი შექმნაც თავად არ შეუძლიათ და იმად ქცევის, რაც თავად ვერასოდეს იქნებიან. ამიტომ ისინი განადგურებას ირჩევენ. ისინი თავს ესხმიან მილსადენებს. ესხმიან თავს რკინიგზას. ესხმიან თავს ელექტროსისტემებსა და ლაბორატორიებს – ძალის, გამომგონებლობისა და მიღწევების იმ მატერიალურ სიმბოლოებს, რომლებიც ცივილიზაციას განასახიერებს. ასეთია ტერორიზმის ბუნება, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. მათი სიძულვილის ობიექტი დასავლეთია, რადგან დასავლეთი ძლიერია. ეს საერთაშორისო კონფერენციაა, რადგან ჩვენ საერთაშორისო, ტრანსნაციონალურ საფრთხეს ვუპირისპირდებით“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

ვაშინგტონში მიმდინარე მინისტერიალს 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ესწრება. მინისტერიალში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

მსგავსი