მარკეტა გრეგოროვა - ბრძოლას უნდა უხელმძღვანელონ ქართველმა პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება, შეიძლება, ერთხელ მაინც დროულად ვიყოთ ადგილზე?
შემიძლია, მხოლოდ სურვილი გამოვთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს, დაინახონ, თუ ვინ აშორებს მათ ევროკავშირს. მე მათ ვუსურვებ სიმტკიცეს მომდევნო კვირებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროდეპუტატის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობა არ არის ევროპული მომავლით დაინტერესებული.
„ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი მქონდა საქართველოსთვის. მე დიდ იმედებს ვამყარებდი ამ ქვეყნის ევროპულ გზაზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მთავრობას სხვა გეგმა ჰქონია. მათი ქმედებები და წარდგენილი თუ მიღებული კანონები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობა არ არის ევროპული მომავლით დაინტერესებული. ის ცვლის პოლიტიკას, რომ უფრო მჭიდროდ იყოს დაკავშირებული რუსეთთან და ცვლის კანონმდებლობას, რათა იქცეს გამტარად რუსი ოლიგარქებისთვის. მე შემიძლია, მხოლოდ სურვილი გამოვთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს, დაინახონ, თუ ვინ აშორებს მათ ევროკავშირს. მე მათ ვუსურვებ სიმტკიცეს მომდევნო კვირებში. თუმცა, მე ასევე ვარ ევროპული ინსტიტუტის ნაწილი, ჩვენ განზე მდგომი ხალხი არ ვართ, ჩვენ ვართ ჩართულები. ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მისი უკან წაღება შეგვიძლია. ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და ჩვენ ამის წაღებაც შეგვიძლია უკან. ჩვენ გადავდეთ ინდივიდუალური სანქციების დაწესება, იმ იმედით, რომ არ დავკარგავდით საქართველოს და ის ოკუპანტ რუსეთთან არ დარჩებოდა, მაგრამ ჩვენ მას ვკარგავთ. ჩვენ ბრძოლას ვერ ვუხელმძღვანელებთ, რადგანაც ჩვენ არ ვართ პუტინი და კრემლი, რომელიც ყველგან ერევა. ამ ბრძოლას უნდა უხელმძღვანელონ ქართველმა პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება ბრძოლაში. ჩვენ შეგვიძლია, გავურთულოთ საქმე რუსეთს. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ ევროპამ ძალზეც დააგვიანა ბრძოლაში. შეიძლება ერთხელ მაინც დროულად ვიყოთ ადგილზე?“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.