მარკ ცუკერბერგმა მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის გამო, ევროპარლამენტში ბოდიში მოიხადა
მარკ ცუკერბერგმა მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის გამო, ევროპარლამენტში ბოდიში მოიხადა

სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა ევროპარლამენტში ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის გამო ბოდიში მოიხადა. მან აღნიშნა, რომ დროულად ვერ განსაზღვრა პირადი მონაცემების არამართლზომიერი გამოყენების საშიშროება.

„ეს იყო შეცდომა და მე ამის გამო ბოდიშს ვიხდი“, – განაცხადა  ცუკერბერგმა.

ამავე დროს, მარკ ცუკერბერგმა ევროპელი დეპუტატები დაარწმუნა, რომ მისი კომპანია ზომებს მიმართავს, რათა არ დაუშვას ევროპის ნაციონალურ და ევროპარლამენტის არჩევნებში გარე ძალების ჩარევა, როგორც ეს 2016 წელს აშშ-ის არჩევნების დროს მოხდა.

მარკ ცუკერბერგმა ევროპის მოსახლეობას გლობალური თანამეგობრობის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი უწოდა. მისი თქმით, Facebook-ს თავისი კომერციული მიზნებისთვის უფასოდ იყენებს 18 მილიონი ევროპული კომპანია.

ევროპარლამენტის წევრების შეკითხვებზე პასუხისას, ცუკერბერგმა უარყო ბრალდება, რომ Facebook-ს მონოპოლიზებული აქვს სოციალური ქსელების ბაზარი.

„ჩემი აზრით, ჩვენ ყოველდღიურად ახალი კონკურენტები გვემატება“, – აღნიშნა მან.

საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ცუკერბერგს ევროპარლამენტში ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია, ბრიტანულ კომპანია Cambridge Analitica-ს გარშემო აგორებულ სკანდალს ეხება, რომლის მიხედვითაც Facbook-ის მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები ბოროტად გამოიყენეს. მათ შორის იყვნენ ევროკავშირის მოქალაქეებიც.

ამავე საქმეზე ცუკერბერგმა უკვე მისცა ჩვენება აშშ-ის კონგრესში.