მარიუპოლის მერის მრჩეველი - რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად, უკრაინაში „აზოვის“ ბატალიონის წევრები დაბრუნდნენ
რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინაში „აზოვის“ ბატალიონის წევრები დაბრუნდნენ, – ამის შესახებ ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრუშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
„კარგი ამბავი ღამისთვის – ვიდრე გაცვლა მიმდინარეობს, ყველაფრის თქმა არ შეიძლება. მაგრამ მაინც, საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილ ვერშინინი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. მარიუპოლის გმირული გარნიზონი თანდათან სახლში ბრუნდება“, – წერს ანდრუშენკო.
თავის მხრივ „აზოვის“ ბატალიონის მებრძოლების უკრაინაში დაბრუნების შესახებ იტყობინება ბატალიონის ერთ-ერთი მებრძოლი მაქსიმ ჟორინიც.
„ბოლოს და ბოლოს, ჩვენ შევძელით მარიუპოლის დამცველების კიდევ ერთი ნაწილის დაბრუნება, მათ შორის „აზოვის“ პოლკის მებრძოლების. დღეს საღამოს მოხდა გაცვლა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით”, – წერს ჟორინი.
როგორც მედია წერს, ტყვეთა გაცვლა რუსეთთან დღეს განხორციელდა საუდის არაბეთის შუამდგომლობით, რის შედეგადაც რუსებმა უკრაინელებთან ერთად უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხო ქვეყნის ათი მოქალაქე გაათავისუფლეს, რომლებსაც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მათ შორის არიან აშშ-ის, ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და მაროკოს მოქალაქეები.