მარიტა მუსელიანი - უკანდახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია
მარიტა მუსელიანი - უკანდახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია

რამდენადაც შეგვიძლია, იმდენად უნდა ვიმოქმედოთ, აქ უკანდახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია, – ასე უპასუხა „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიტა მუსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რა ფორმით აპირებენ აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას.

„ჩვენ ზემოქმედების სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია და რამდენადაც შეგვეძლება, კომპანიის ტრანსპორტს გადაადგილებაში ხელს შევუშლით. ამ მანქანებმა აქ უნდა გაიარონ, ყველა შემთხვევაში, და ჩვენი კარავი ყველა გზაზე გვაქვს, ორივე მხრიდან. ამ მხრივ, მოძრაობას სრულად ვაკონტროლებთ. თუ ამ კარვებს პოლიცია კიდევ დაგვიშლის და შემდეგ ძალადობაში გადავა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჯერჯერობით, არ მოძრაობენ. ეტყობა, ერიდებიან, რადგან პროტესტი ახალი ძალებით, ახალი დაბრუნებულია და იმ კორდონს მიღმა არიან შეკეტილი. ჯერჯერობით, მათი მოძრაობა არ შეგვიმჩნევია. რამდენადაც შეგვიძლია, იმდენად უნდა ვიმოქმედოთ. აქ უკანდახევა არაფრით აღარ გამოვა, დამთავრებულია“, – განაცხადა მუსელიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ხედავენ თუ არა შეთანხმების რესურსს, მარიტა მუსელიანმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მხარე დიალოგში არ შედის.

„მიგვაჩნია, რომ წესით, მოწინააღმდეგე მხარე მორალურად სრულიად დემორალიზებული უნდა იყოს, რადგან არ ვიცი, მათ რა უმაგრებთ მხარს. ამიტომ არის, რომ დიალოგში არ შემოდიან. არაერთხელ გვითქვამს, რომ თანაბარი დიალოგის წარმოების შემთხვევაში, ხუთი წუთი სჭირდება იმის გაგებას, რომ ჰესის ამ სახით და ასე აშენება არ შეიძლება. საერთოდ, მთელ რიგ გადაცდომებთან გვაქვს საქმე და გვაქვს სურათი, როდესაც მშენებლობას ჯიუტად აგრძელებენ. ხეობაში, ორივე მხარეს რკინის კედელია აღმართული და გადაადგილება სრულად გვეკრძალება. მანამდე, ხანდახან, რაღაც შეღავათები კიდევ იყო, ახლა კი ამ რკინის კედლის მიღმა ჩვენი მოხვედრა აბსოლუტურად გამორიცხულია“, – განაცხადა მუსელიანმა.

როგორც მუსელიანმა აღნიშნა, მთავრობას ყველანაირად მისცეს საშუალება, რომ თანაბარ დიალოგზე წასულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ უამრავი დრო გაუშვა ხელიდან.

„შვიდი თვის განმავლობაში ვითხოვდით კითხვებზე პასუხს და ახლა, ჩვენ ვერ დავიშლებით და სახლში ვერ წავალთ. ეს დრო ამოიწურა. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ამის გაკეთებას არ აპირებენ და დამალობანას ხომ არ ვითამაშებთ მთელი წელი?! როდესაც 23-ში დაანონსებულ აქციაზე ჩამოვედით, იქ ყველა საშუალება ამოიწურა, შემოთავაზებული დიალოგების იმიტაციაც კი, და ამის მერე გაისმა კუჭავას შემოთავაზება. ოღონდ, მას არ უთქვამს, რისთვის იბარებდა ვარლამს. ეს იყო მისთვის პირისპირ შეთავაზება და ჩვენ ვთქვით, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია, რომ ამხელა პროტესტის სახით, ერთი ადამიანი წავიდეს და მათ დახურულ სივრცეში ისაუბრონ. ჩვენ უამრავი მხარდამჭერი გვყავს და მათთვის ასეთი შეხვედრის შინაარსი სრულიად გაუგებარი იქნებოდა“, – განაცხადა მუსელიანმა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა დიალოგის შეთავაზება ხეობაში დაბრუნების შემდეგ, მუსელიანმა აღნიშნა, რომ ისინი ხეობაში მხოლოდ პოლიციელებს ხედავენ და ეს ყოველთვის ასე იყო.

მარიტა მუსელიანმა ასევე განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნები უცვლელია.