მარინა კალიურანდი - შესაძლებელია როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მისიის შექმნა, როდესაც ევროპარლამენტარები უბრალოდ ჩადიან ქვეყანაში, რათა არსებულ სიტუაციაზე უკეთესი სურათი მიიღონ
შესაძლებელია როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მისიის შექმნა, როდესაც ევროპარლამენტის წევრები უბრალოდ ჩადიან ქვეყანაში და ესაუბრებიან ოპოზიციას, კოალიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, რათა არსებულ სიტუაციაზე უკეთესი სურათი მიიღონ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და საქართველო-ევროკავშირის საპარალამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის თავმჯდომარემ, მარინა კალიურანდმა გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც ევროპარლამენტს „ქართული ოცნების“ დელეგაციამ მიმართა.
მისი თქმით, ინიციატივას ეროპარლამენტარები შეისწავლიან და განიხილავენ ქართველ კოლეგებთან.
„ამ საკითხზე საუბარი ჯერ ნაადრავია, რადგან ეს ინიციატივა ქართულმა მხარემ ჯერ ახლახან წამოაყენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით შევისწავლით. როგორც იცით, მომხსენებელი სვენ მიქსერი საქართველოს შესახებ ზოგად ანგარიშს ამზადებს. ასე რომ, ამ ეტაპზე უფრო დაზუსტებით და კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყურადღებით მოვისმინეთ შეთავაზება, ყურადღებით შევისწავლით და განვიხილავთ მას ევროპარლამენტში და ჩვენს ქართველ კოლეგებთან. ევროპარლამენტში ფაქტების დამდგენი მისიის პრაქტიკა არსებობს, ერთ-ერთი ასეთი უკანასკნელი მისია მალტაში მუშაობდა. შესაძლებელია როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური მისიის შექმნა, როდესაც ევროპარლამენტის წევრები უბრალოდ ჩადიან ქვეყანაში და ესაუბრებიან ოპოზიციას, კოალიციას, სამოქალაქო საზოგადოებას, რათა არსებულ სიტუაციაზე უკეთესი სურათი მიიღონ. ასე რომ, ევროპარლამენტის შიგნით მრავალი მეთოდი არსებობს“, – განაცხადა კალიურანდმა.
გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის შექმნის ინიციატივით ევროპარლამენტს „ქართული ოცნების“ დელეგაციამ, კერძოდ, კახა კალაძემ მიმართა.
მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.