მარინა კალიურანდი - მიხარია, რომ თითქმის ყველა ოპოზიციონერი შევიდა საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც ასე არ მოიქცა, რომელიმე ოპოზიციონერი თუ გვისმენს, ძალიან გთხოვთ, შედით პარლამეტში
წლების განმავლობაში ჩვენ შევეჩვიეთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის საქართველო ყოველთვის საუკეთესო იყო, ამიტომ ღიად ვიტყვი, რომ გასულ ზაფხულში საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარი და საპარლამენტო არჩევნების შემდგომი კრიზისი ერთგვარი შოკი იყო, მათ შორის საქართველოს მეგობრებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ევოაქტივის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ საქართველო ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, ატარებს რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციის ერთგულია. სამწუხაროდ, რაც მოხდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იყო რეალობის გადამოწმება, როგორც ბევრისთვის საქართველოში, ისე ევროკავშირშიც.
პანდემიის გამო ევროპარლამენტი ვერ დააკვირდა ბოლო არჩევნებს საქართველოში, მაგრამ ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბეთ ეუთო-სა და ოდირის სადამკვირვებლო მისიებზე დაყრდნობით. ეუთო-მაც და ოდირმაც განაცხადეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. დიახ, იყო ზოგიერთი რამ, რისი გამოსწორებაც იყო აუცილებელი. ასევე იყო რამდენიმე არასათანადო ინციდენტი. მაგრამ ზოგადი შეფასება იყო პოზიტიური. სწორედ ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს პარლამენტს, რაც შეიძლება მალე დაეწყო მუშაობა ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობით და ყველა არჩეული პარლამენტის წევრის მონაწილეობით.
მე ახლაც იგივეს მოვუწოდებ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, აიღეთ მანდატი და დაიწყეთ მუშაობა პარლამენტში, თქვენი ერის, ხალხისა და საქართველს მომავალის სასარგებლოდ. ყველა პარლამენტს სჭირდება ოპოზიცია. დემოკრატიულ პარლამენტს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. ეს არის გზა პოლიტიკური რეფორმების გატარებისთვის.
გახარებული ვარ, რომ შარლ მიშელის ინიციატივით მიღწეული იყო შეთანხმება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩის დახმარებით. მაგრამ ევროკავშირი ყოველთვის ვერ მოაგვარებს ყველა პოლიტიკურ კრიზისს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყანაში. თქვენმა ქვეყანამ, მთავრობამ, პოლიტიკოსებმა, ერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მსგავსი სიტუაცია არ განმეორდეს“, – განაცხადა ესტონელმა ევროპარლამენტარმა.
მარინა კალიურანდის განცხადებით, პარლამენტს გარეთ ჯდომა, დისკუსიებზე არ დასწრება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება.
„მიხარია, რომ თითქმის ყველა ოპოზიციონერი შევიდა პარლამენტში და მართალი გითხრათ, ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც ასე არ მოიქცა. პარლამენტის გარეთ ჯდომა, დისკუსიებზე არ დასწრება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. თუ რომელიმე ოპოზიციონერი გვისმენს, ძალიან გთხოვთ, შედით პარლამეტში და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ჩვენთან, ევროპარლამენტში, რათა დაბალანსებულად და ღიად ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომლებიც გასატარებელია. ეს რეფორმები არის საკონსტიტუციო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ყველა კითხვა, რომელიც უკავშირდება პანდემიას. ეს კითხვები არის პარლამენტში მაგიდაზე და პასუხები უნდა გაეცეს მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ სულისკვეთებით. თქვენ ისევ წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფებით. თქვენ ემზადებით მუნიციპალური არჩევნებისთვის. ახლა ძალიან იოლია პოლიტიკურ კონფრონტაციაში დაბრუნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებზე გულწრფელი კამპანიით წასვლაა, რომელიც პატივს სცემს სხვა პოლიტიკურ პარტიებს“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.