მარინა ეზუგბაის ინფორმაციით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონოვირუსის დიაგნოზით 14 პაციენტი იმყოფება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი სულ 15 პირს დაუდგინდა, საიდანაც 14 თბილისის ინფექციურშია, ხოლო ერთი – საჩხერის კლინიკაში.
ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ორი ახალი პაციენტიდან, რომელთაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ, ერთი მეოთხე ინფიცირებულის კლასტერიდან არის და მასთან ჰქონდა კონტაქტი. მეორე პირი კი, საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა, თუმცა, ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან, შესაბამისად, ეზუგბაიას უჭირს თქმა, აღნიშნული შემთხვევა ესპანეთს უკავშირდება, თუ იტალიას. მისი თქმით, ეს პაციენტები კლინიკაში ბინიდან მოხვდნენ და შესაბამისი სამსახური მათ კონტაქტებს გამოიკვლევს.
ამასთან, მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 51 პაციენტი.