მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში ერთი კოვიდიფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია, მას თან არსებული ორი მძიმე დაავადებაც აქვს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 54 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკას 56 პაციენტი ჰყავს, საიდანაც ორი ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევაა და მათ ტესტირება ჩაუტარდებათ
„54 არის დადასტურებული შემთხვევა. დღეს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ოთხი ჩვენია. მძიმე პაციენტებიდან გვრჩება ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც არის ხანდაზმული. მას აქვს ძალიან მძიმე პნევმონია, თან არსებული ორი მძიმე დაავადება – შაქრიანი დიაბეტი და ძნელად სამართავი ჰიპერტონული დაავადება. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, როგორი იქნება პროგნოზი, რადგან კლინიკური მდგომარეობა და ლაბორატორიული ტესტების შედეგები ჯერ სტაბილური არ არის, გაუმჯობესებაზე საუბარი ჯერ არ არის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.