მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო ორი არსებული პაციენტების კონტაქტებია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ორი კი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია.
ეზუგბაიას თქმით, სატვირთო მანქანის მძღოლი კარანტინში იმყოფებოდა.
„სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის სატვირთო მანქანის მძღოლი, დანარჩენი ორი უკვე არსებული, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ახალი პაციენტი ჩვენს ცენტრში არ შეუყვანიათ“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათ კლინიკა უკვე დატოვეს.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, დინამიკაში გაუმჯობესება შეიმჩნევა.
სამი მძიმე ავადმყოფის დინამიკა გაუმჯობესებულია.შეიძლება ითქვას, რომ ამ სამიდან ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ საყურადღებოა, დანარჩენი ორის მდგომარეობა უკვე დინამიურად გაუმჯობესებულია, სუბიექტური გამოკვლევებით, რადიოლოგიური მონაცემებითაც და კლინიკური გაფართოებული კვლევებითაც, რაც პროგნოზის კეთილსაიმედობაზე მიანიშნებს“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 153 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.