მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

„კლასტერი არ არის ცნობილი, წყარო უცნობია. საკარანტინო სივრციდან არის, თუ არ ვცდები, მაგრამ წყაროს ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტის ოთხი კონტაქტია მოძიებული.

„მათი ვირუსზე კვლევა განმეორებას საჭიროებს და დღეს განმეორდება ტესტი, დადგინდება, რამდენად იქნებიან დადასტურებულები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, როცა განმეორებას ითხოვს ხოლმე ტესტი, მაინც უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი, ვიმედოვნებ, ასე იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეის მდგომარეობით კოვიდ-ცენტრებში 279 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 32 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.