მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღებას, დაახლოებით, სამ კვირაში განაახლებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღებას დაახლოებით სამ კვირაში განაახლებს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, იმ კორპუსებში, სადაც მხოლოდ ჟანგბადის სისტემის უზრუნველყოფაა საკმარისი, პაციენტების მიღება დაახლოებით, ხუთ დღეში განახლდება.
„ეს ეტაპობრივად განხორციელდება. იცით, რომ რამდენიმე სერვისი უნდა აღვადგინოთ. სასიცოცხლო მნიშვნელობის სამუშაოები, რაც ამ 300 000 ლარს მოითხოვდა, უკვე დაწყებულია. თავდაპირველად პაციენტების მიღება აღდგება იმ კორპუსში, სადაც მხოლოდ ჟანგბადის სისტემის უზრუნველყოფაა საკმარისი. სამ კორპუსში უნდა ჩატარდეს ასეთი სამუშაოები და ამას, ალბათ, დასჭირდება სამი-ოთხი დღე. სადღაც მეხუთე-მეექვსე დღეს პაციენტების მიღება უკვე შესაძლებელი იქნება.
დანარჩენ კორპუსებში, ჟანგბადთან ერთად აღსადგენია ისეთი სერვისები, როგორიცაა: ვენტილაცია, იქ დამიწებაა გასაკეთებელი და ზოგიერთ პალატაში კიდევ რემონტია ჩასატარებელი. ეს ყველაფერი ეტაპობრივად იქნება, მაგრამ საერთო ჯამში, ალბათ, მაქსიმუმ სამი კვირის ხანგრძლივობა დაგვჭირდება. მაქსიმალურად სწრაფად გვინდა ამ ყველაფრის გაკეთება. იმედია, რომ ოთხ-ხუთ დღეში ერთი კორპუსი დაგვიბრუნდება, სადაც განვახორციელებთ პაციენტების მიღებას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი