მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შემთხვევების ზრდა ბოლნისის რაიონში ფიქსირდება, გეტასა და მუშევანში კონტაქტების მოძიება და მათი დიაგნოსტირება მიმდინარეობს
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შემთხვევების ზრდა ბოლნისის რაიონში ფიქსირდება, გეტასა და მუშევანში კონტაქტების მოძიება და მათი დიაგნოსტირება მიმდინარეობს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ბოლნისის რაიონში ფიქსირდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რომ გაზრდილი მაჩვენებელი შეზღუდვების მოხსნის შედეგად არის გამოწვეული.

„გაზრდილი შემთხვევები არის ბოლნისის რაიონი. ანუ, ძირითადად, ეს არის ბოლნისის რაიონში არსებული კონტაქტების დადასტურებული შემთხვევა და მათი გამოვლენა, ეს წყაროს შიგნით ხდება. ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რომ შეზღუდვების მოხსნის შედეგად არის განვითარებული გაზრდა.

ერთი დღე 38 შემთხვევაა, მეორე დღეს არის სამი-ოთხი და ა.შ. ორ სოფელში – გეტასა და მუშევანში ხდება ახალი პაციენტების მოძიება და მათი დიაგნოსტირება. ძალიან კარგია, რომ მათი მოძიება ხდება. მათი დაკარგვა უფრო საფრთხილო და საშიში იქნებოდა, ვიდრე ამ ეტაპზე მათი მოძიება.

გამოდის, რომ ბოლნისის რაიონის კვლევა წარმოებს. დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებმა მოგახსენეს, რომ ამ რაიონში ძალიან ჭირს მოსახლეობასთან ურთიერთობა, მათთან კონტაქტი და კონტაქტების მოძიება. ეს ცოტა რთულია, მაგრამ კარგია, რომ მაინც ხდება. არ არის მრავალმოსახლე სოფლები და ამ სოფლების გამოკვლევა თავიდან ბოლომდე არ არის რთული, უბრალოდ, ამას სჭირდება დრო. დროში ეს თანდათანობით მოხდება, რაც მთავარია, ეს არ გადის ბოლნისის გარეთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.