მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო ორ დღეში კორონავირუსისგან 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო ორ დღეში გამოვლენილი კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრციდანაა და იმპორტირებული შემთხვევებია.
„მინდა, გითხრათ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ახალი დადასტურებული შემთხვევა ყოველ დღე მხოლოდ ერთი იყო. გუშინაც ერთი იყო და დღესაც ერთი ახალი შემთხვევაა. სულ ჯამში არის 810 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელების ციფრიც კარგად გაიზარდა, გუშინ 11 იყო, დღეს 9, ორ დღეში ჯამში 20 გამოჯანმრთელებული გვყავს, სულ კი არის 683 გამოჯანმრთელებული. დადასტურებული შემთხვევები საკარანტინო სივრციდანაა, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევებია“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 114 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში ამჟამად 47 პაციენტი რჩება, ხოლო კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტიდან ექვსი ჩვენი ცენტრიდანაა. გრძელდება გამოჯანმრთელების მონიტორინგი, ვნახოთ, ხვალ რა მონაცემები გვექნება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.