მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, მათ შორის ერთი 80 წელზე მეტი ასაკისაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.
მისივე თქმით, აქედან 31 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წევს.
ეზუგბაიას განმარტებით, 31 პაციენტიდან სამის მდგომარეობა პრობლემურია. მათ შორის, ეზუგბაიას განცხადებით, ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია და თანმხლები დაავადება აქვს.
„როგორც ცნობილია, 40 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, აქედან ჩვენთან 32 პაციენტია. ამ 32-დან ერთი გაწერილია ბინაზე, მაგრამ რაოდენობრივად ითვლება და ამ ეტაპზე, ჩვენთან არის 31 პაციენტი.
31 პაციენტში სამი პაციენტი არის პრობლემური, მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი რისკია ის, რომ ერთ პაციენტს, რომლის ასაკი არის 80 წელზე მეტის და მას აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს, დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო. ამიტომ ვლაპარობთ, რომ ეს პაციენტი პრობლემურია. გარდა ამ ქალბატონისა, კიდევ ორი პრობლემური პაციენტი გვყავს, რადგან ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება და ამიტომ ამ პაციენტთანაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება, გართულება ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზულად ცუდი გამოსავალი. მესამე მძიმე პაციენტთან ამ ეტაპზე ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიით, დინამიურად გაუარესებული გვქონდა მაჩვენებელი. პროგნოზულად, ამ სამ პაციენტთან მდგომარეობა სერიოზულია და დინამიურად სჭირდებათ დაკვირვება“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, 80 წელზე მეტი ასაკის პაციენტის ინფიცირების წყარო ერთ-ერთ პაციენტთან პირდაპირი კონტაქტია.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„დანარჩენ პაციენტებთან ნაწილთან არის პნევმონიები, საშუალო სიმძიმის და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის, ყველასთან დაავადების მიმდინარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეიმჩნევა, ველოდებით, რომ მათთან ალბათ უნდა დადგეს გამოჯანმრთელება. თუმცა, დაავადების მიმდინარეობის ყველა პერიოდში მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა.