მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა მდგომარეობა მართვას ექვემდებარება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, ჯერჯერობით დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.
მეოთხე, 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს.
მისივე თქმით, მდგომარეობა ამ დროისთვის მართვას ექვემდებარება.
„მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და მძიმე გამოხატული კლინიკა გვქონდა, მისი მდგომარეობა ახლაც მძიმეა, თუმცა სტაბილურად. რენდგენოლოგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე შეფასებულ იქნა, როგორც ფილტვების ანთება და დაწყებული იქნა შესაბამისი მკურნალობა. დინამიკაში ცხელების გახანგრძლივების გამო კი ჩატარდა კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება. კლინიკური მონაცემებით, მასთან არის ცვლილებები, რომლის მართვაც ამ ეტაპზე შესაძლებელია“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განმარტებით, ყველა სხვა დანარჩენი პაციენტის შემთხვევაში, კორონავირუსის ინფექცია მსუბუქი მიმდინაროებით ვლინდება.
„დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა ვლინდება მსუბუქი მიმდინარეობით, ზოგთან ცხელება გვაქვს დაბალი, ზოგთან იშვიათი ხველა, ზოგთან სხვა ნიშანი. ყველასთან რაღაც ერთი ორი ნიშანი შეინიშნება, რომელიც არ ღრმავდება და არ უარესდება“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.