მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება, პაციენტები საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება და ისინი კლინიკებში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი იმყოფება.
მათგან ორი კლინიკას გუშინ დაემატა.
„სამივე ახალი დადასტურებული არის თეთრიწყარო და არის საკარანტინო სივრციდან. ჩვენთან მოთავსდა გუშინ დილას ორი პაციენტი. ესენი ალბათ არა ამ სამიდან, წინა ცხრიდან არიან. ორი პაციენტი დაგვემატა. ორივე თეთრიწყაროდან არის, ორივე საკარანტინო სივრციდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში კი ამ დრომდე კლინიკა 87-მა განკურნებულმა დატოვა.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად კოვიდ-ცენტრებში 311 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
„ახალი დადასტურებული სამი შემთხვევაა და სულ გვყავს 638 პაციენტი, გამოჯანმრთელებაც გაიზარდა, რვა დაგვემატა და ამ ეტაპზე არის – 317. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, დღეისთვის 311 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დასტაბილურდა.
„კრიტიკულ პაციენტთან შეიძლება დღეს ითქვას, რომ მეორე დღეა,მდგომარეობის სტაბილიზირება მიღებულია, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ლაპარაკი არ შეიძლება. თუ სტაბიზილირება ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე, შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ შემდგომ გამოსავალზე. ორი ახალი პნევმონის მქონე პაციენტი გვყავს, ჯერჯერობით დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.