მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ბოლნისს უკავშირდება, ორი მარნეულს, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო კიდევ სამი სამედიცინო პერსონალია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიას, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ბოლნისს უკავშირდება, ორი მარნეულს, ორი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო კიდევ სამი სამედიცინო პერსონალია.
ეზუგბაიას თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, სამივე ერთი კლინიკის წარმომადგენელია.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს.
„გუშინ დილის მონაცემებით იყო 810 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა რვა ახალი და გვყავს 818. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი იყო და ამჟამად არის 686. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე ინფიცირებულების 84 პროცენტია.
რვა ახალი შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი არის მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი გახლავთ საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და სამი გახლავთ სამედიცინო პერსონალი.
ჩვენი ცენტრის სამედიცინო პერსონალი არ არის. ჩვენი ცენტრი 30 იანვრიდან ემსახურება როგორც შესაძლო, ისე დადასტურებულ შემთხვევებს და დღემდე არც ერთი სამედიცინო პერსონალის ინფიცირება არ გვქონია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.