მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორი საკარანტინო სივრციდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორი საკარანტინო სივრციდანაა.
„გუშინ დილის მონაცემებით გვყავდა 801 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ოთხი და გახდა 805. გამოჯანმრთელებულების რიცხვი იყო 644, დაემატა ექვსი. ამჟამად არის 650, რაც დაახლოებით 81 პროცენტს შეადგენს. ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი არის ცნობილი წყარო, საბურთალოს წყარო, დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ხოლო ორი პაციენტი საკარანტინო სივრციდან დადასტურებული შემთხვევებია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
აღნიშნული პაციენტები სხვა კლინიკაში არიან მოთავსებული.
მარინა ეზუგბაის თქმით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში სულ 142 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტი რჩება.
„ჩვენ გუშინ ხუთი გამოჯანმრთელებული შემთხვევა გვყავდა, მათ კლინიკა გუშინვე დატოვეს და ამჟამად გვყავს 52 დადასტურებული შემთხვევა. 52 დადასტურებულ შემთხვევებში, პრობლემური პაციენტი არ გვყავს. გვყავს რამდენიმე პაციენტი მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.