მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან ათი ბოლნისს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყაროს დადგენა კი მიმდინარეობს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 10 ბოლნისს უკავშირდება, ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება კი მიმდინარეობს.
ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტები არ ჰყავს.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კოვიდ-ცენტრებში ამჟამად 355 პაციენტი მკურნალობს.
„გუშინ დილის მონაცემებით, გვყავდა 593 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა – 11. დღეს დილისთვის არის – 604 დადასტურებული შემთხვევა.
11 პაციენტიდან 10 არის ბოლნისის წყაროდან, ერთის წყაროს მოძიება ახლა გრძელდება. გამოჯანმრთელებული გვყავდა 223 პაციენტი, დაემატა – 17 და გვყავს 240 პაციენტი გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების შეჯამებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს კოვიდ-ცენტრებში 355 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.