მარინა ეზუგბაია - ყველას ვთხოვ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, ქვეყნის, მოსახლეობის მიმართ დიდი სიყვარული და მოგზაურობიდან დაბრუნებულები 14 დღე დარჩნენ თვითიზოლაციაში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კიდევ ერთხელ მიმართავს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობიდან დაბრუნდნენ, განსაკუთრებით, თუ ისინი იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და 14 დღე თვითიზოლაციაში გაატარონ.
„იმ პირებმა, რომლებიც ჩამოდიან მოგზაურობიდან ან თუნდაც საქმიანი ვიზიტიდან, განსაკუთრებით ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან, ესენია – კორეა, ჩინეთი, იტალია და ირანი, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაიზარდა ასევე ინფიცირებულთა რაოდენობა, ყველა ადამიანმა, რომელიც დაბრუნდება ქვეყანაში, გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და 14 დღის განმავლობაში იყოს თვითიზოლაციაში ბინაზე. ეს არის ყველაზე საუკეთესო საქციელი, მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც შეამცირებს დაავადების გავრცელებას. თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანს აქვს ძალიან მცირე კონტაქტები სხვა პირებთან. ამით ყოველთვის იქნება შეჩერებული დაავადების გავრცელება. თუ რომელიმესთან თვითიზოლაციის პირობებში გამოვლინდება კლინიკა, მოხდება ასეთი პირების გადმოყვანა და გამოკვლევა, არის ეს განპირობებული ახალი კორონავირუსით, თუ ჩვეულებრივი ბანალური ვირუსული ინფექციაა. ამიტომ ყველაზე მთავარი, ყველას ვთხოვ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ დიდი სიყვარული, ჩამომსვლელებს ვთხოვ, ორი კვირის განმავლობაში დარჩნენ საკუთარ ბინაზე თვითიზოლაციაში“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.