მარინა ეზუგბაია - ვალდებული ვართ, რეგულაციები შევასრულოთ, შესაძლოა, ვინმეს პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მაგრამ ექვსი თვეა, ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც გავცემ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში მოსახლეობამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა და სწორედ ამან განაპირობა პანდემიის კუთხით დღეს არსებული კარგი შედეგები.
თუმცა, ეზუგბაიას თქმით, ბოლო დროს მოსახლეობა ცოტა გათამამდა, მოეშვა, რაც არ შეიძლება.
მარინა ეზუგბაიამ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რეგულაციები დაიცვან. ამასთან, ეზუგბაიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ინფექციურ საავადმყოფოს დღემდე არ ჰყავს კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალის არც ერთი წარმომადგენელი, რაც მისივე განმარტებით, სწორედ წესების ზედმიწევნით დაცვის დამსახურებაა.
„სამოქალაქო პასუხისმგებლობა საკმაოდ კარგად გამოვლინდა ჩვენს ქვეყანაში კოვიდინფექციასთან დაკავშირებით. რომ არა მოსახლეობის ასეთი პასუხისმგებლობა, ალბათ მსგავსი შედეგები არ დაიდებოდა. შესაძლოა, ახლა ცოტა გავთამამდით, მოვეშვით, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება და უფლება არ გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა იქნება თუ ათჯერ და უფრო მეტი. ვალდებული ვართ, არსებული რეგულაციები შევასრულოთ. ეს არის სოციალური დისტანცირება. თუ სოციალური დისტანცირება ვერ ხდება, იქ აუცილებელია პირბადეების ტარება. ყველაზე მთავარია, დიდი თავშეყრის ადგილები თავად არ შევქნათ და არც ასეთ ადგილებში წავიდეთ, თავი შევიკავოთ. მესმის, ძნელია, ასეთი რეჟიმით იცხოვრო, უკვე მერამდენე თვეა. ამას რომ ვლაპარაკობ, გარკვეულწილად, შეიძლება, ვინმეს პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს, მაგრამ მთელი ექვსი თვის განმავლობაში ვცხოვრობ ზუსტად იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც გავცემ, ნამდვილად ასეა.
პირადად ჩვენი დაწესებულების თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს, ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რამხელა პასუხისმგებლობის გრძნობაა, რომ ჩვენს ქვეყანაში დავიცვათ რეგულაციები, რაც აუცილებელია. რეგულაციების დაცვა, ინფექციური პროცესის მართვა, ჰიგიენის წესების დაცვა, ჩვენს ცენტრში, მედპერსონალში დღემდე რომ არ არის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა, კარგად გაცნობიერებული ჩვენი ქმედებების შედეგია.
დაზიანებული და გაუბედურებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, თვითონ ინფექციური სამსახური არის მორგებული ასეთი გადამდები დაავადების მუშაობის პრინციპებს. ჩვენი ინფექციონისტები, მომუშავე ყველა პერსონალი მეტ-ნაკლებად დიდი უნარ-ჩვევების მქონეა, როგორ დაიცვას თავი ყოველთვის მძიმე, გადამდები დაავადებებისგან. ეს თვალნათლივ ჩანს, რადგან ექვსი თვეა, ერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ღმერთმა დაგვიფაროს, კარგი იქნება, ასე გავაგრძელოთ. მოსახლეობას ვთხოვ, ალბათ ნელ-ნელა რეგულაციები კიდევ შემცირდება, უფრო გაფართოვდება თავისუფალი ქმედებები, მაგრამ როგორმე ვალდებულებები უნდა შევასრულოთ“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.