მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკული მდგომარეობის პაციენტი არ გვყავს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 48 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, გუშინ 11 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი მიიღეს, ყველა მათგანი სოფელ მუშევანიდან არის.
ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში პაციენტები არ ჰყავთ.
„გვყავს 48 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ ჩვენ მივიღეთ 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ყველა სოფელ მუშევანიდან იყო. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე არსებული სიტუაციით, სუბიექტური და რუტინული კვლევების მონაცემებით, საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან. დღეს ჩატარდება მათთან რადიოლოგიური კვლევა და თუ რომელიმესთან პნევმონია დადასტურდება, ალბათ მონაცემები განმეორებით შეჯერდება და სიმძიმის ფაქტორიც გამოვლინდება დინამიკაში.
ჩვენს ცენტრში მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული იყო ამ ხუთიდან ერთი. ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი მძიმე პნევმონია. კრიტიკული მდგომარეობის პაციენტი არ გვყავს. ეს მძიმე პაციენტებიც არ არიან განსაკუთრებით მძიმეები, რადგან მათ არა აქვთ თანარსებული მძიმე დაავადებები და აქედან გამომდინარე, მათი პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე უმეტესად მსუბუქია და ნაკლები პროცენტით არის საშუალო სიმძიმის“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 783 შემთხვევა, აქედან 605 გამოჯანმრთელდა. დღევანდელი მონაცემებით, დადასტურდა 26 ახალი შემთხვევა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.