მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფთა რაოდენობას 100-ზე მეტით აჭარბებს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 264 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 372-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვაობა 100-ზე მეტია.
„გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 639, დაგვემატა რვა ახალი და არის 647 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული იყო 349, დაგვემატა 23, არის 372. კოვიდ-ცენტრებში ამ ეტაპზე 264 პაციენტი მკურნალობს. უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, 100-ზე მეტი სხვაობაა.
გამოჯანმრთელებული ასზე მეტია, ვიდრე ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტები“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებული კიდევ 23 ადამიანიდან ექვსი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია.
ამ დროისთვის კლინიკაში 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.