თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველო ჯერჯერობით ისევ უსაფრთხო, ე.წ. მწვანე ზონაში რჩება.
„საქართველო ჯერჯერობით მწვანე ზონაში რჩება. მილიონ მოსახლეზე პაციენტების რაოდენობით და გარდაცვალების ციფრით, არსებული სიტუაციით ჯერ ვრჩებით მწვანე ზონაში, ვნახოთ, დინამიკა როგორი იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, 12 სექტემბრიდან ფიქსირდება ახალი შემთხვევების სამნიშნა ციფრები, თუმცა 152-სა და 196-ს შორის და 200-სთვის არ გადაუჭარბებია, რაც სტაბილურ მაჩვენებელზე მიუთითებს.
მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება, თუმცა ეპიდემიოლოგების აქტიურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ახალი შემთხვევების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.
თუმცა, ეზუგბაია მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს და მიმართავს თხოვნით, რომ შეასრულონ რეგულაციები, რომელთა შორისაა სოციალური დისტანცია, პირბადის გამოყენება და ჰიგიენური წესების დაცვა.
„ისევ ცხელი წერტილია დასავლეთი და აჭარა, სადაც გადასროლილია დიდი ძალები და მიმდინარეობს გააქტიურებული მუშაობა. თითქოს შედეგი სახეზეა, აჭარაში გარკვეულწილად კლებისკენ მიდის ტენდენცია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო და ვთხოვო მოსახლეობას, დავიცვათ რეგულაციები – პირბადის ტარება, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. ახალი შემთხვევიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება. ამასთან, საქართველოში კორონავირუსიგან კიდევ ერთი, მეოცე პაციენტი გარდაიცვალა.