მარინა ეზუგბაია - კარანტინში თავიდან ინფიცირება შეუძლებელია, როცა კლინიკური სიმპტომები არ გვაქვს, 14 დღის შემდეგ დადებითი პასუხი არ ნიშნავს, რომ პაციენტი დაავადებულია, ეს არის არაცოცხალი ვირუსის ნარჩენები
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მედიასთან განმარტება გააკეთა იმ ფაქტთან დაკავშირებით, როცა ინფექციური საავადმყოფოდან გაწერილი პაციენტის ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა.
ეზუგბაია ამბობს, რომ განმეორებით ინფიცირების შემთხვევას ეს არ წარმოადგენს.
„მოდი, კითხვა სწორად დავსვათ. განმეორებითი ტესტირება არ ნიშნავს დაავადების დადასტურებას. ჩვენ შეიძლება დავსვათ კითხვა განმეორებითი ტესტირებისას, რა ხდება. რეინფექციაზე და არც სუპერინფექციზე არ არის ლაპარაკი, რადგან პაციენტი, რომელიც საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული, იქ შეუძლებელია, მოხდეს პაციენტის თავიდან ინფიცირება ან რეინფექცია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, თუ პაციენტთან კლინიკური სიმპტომები გამოვლენილი არ არის, ეს ნიშნავს, რომ პაციენტი ახლიდან არ დაავადებულა, არამედ ორგანიზმში არაცოცხალი ვირუსის ნარჩენებია.
ამასთან, ეზუგბაიას ინფორმაციით, ასეთი პაციენტი გადამდები არ არის და ინფექციის წყაროს არ წარმოადგენს.
„რეინფექცია ნიშნავს, რომ ამ პაციენტთან აუცილებლად უნდა გამოვლინდეს კლინიკა. ანუ, დაავადების გამოვლენა სხვადასხვა სიმპტომებით, განახლება თავიდან. როცა ასეთი კლინიკა არ გვაქვს, 14 დღის გავლის შემდეგ, როცა პაციენტს ვუტარებთ ტესტირებას და მიღებული გვაქვს დადებითი პასუხი, ეს არ ნიშნავს რომ პაციენტი არის დაავადებული იმიტომ, რომ ეს არის არაცოცხალი ვირუსის ნარჩენები, რომლის დეტექციას აწარმოებს ჩვენი მაღალტექნოლოგიური კვლევა. ასე ვთქვათ, იჭერს ამ ნარჩენებს, მაგრამ ეს ნარჩენები არ არის სიცოცხლისუნარიანი. ანუ, ინფექციურობის უნარი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ პირიდან სხვა პირზე გადადება არ ხდება, ეს პირი ინფექციის წყაროს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.