მარინა ეზუგბაია - რისკებს ვერასდროს მოვხსნით, მაგრამ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რისკები ვერ მოიხსნება, თუმცა მინიმუმამდე უნდა დავიდეს.
მარინა ეზუგბაიამ ამის შესახებ ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. მისი მოსაზრებით, წესების დაცვის შემთხვევაში, რისკებიც ნაკლები იქნება.
„რისკები ყოველთვის იარსებებს. რისკებს ვერასდროს მოვხსნით ვერაფერში, მაგრამ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. იმედია, გახსნა დაემთხვევა, ალბათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დაავადებათა ტემპის კლებას, იქ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. არ მგონია, ჩვენთან ეს გადაწყვეტილება მიიღონ ისე, რომ გარშემომყოფი ქვეყნების სიტუაცია და მდგომარეობა არ გაითვალისწინონ. თუ ამ გათვალისწინებით მოხდება ჩვენთან ტურიზმის განახლება, ასეთ პირობებში ალბათ, ნაკლები რისკები იქნება.
რისკი ყოველთვის იქნება, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი რისკი არ იქნება, რომელიც ჩვენ ვერ შეგვაძლებინებს, რომ ეს სიტუაცია ვმართოთ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა უკვე ათი დღეა, არ გამოვლენილა.
„ჩვენთან დაახლოებით 10 დღეა, ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. 10 დღის წინ იყვნენ საკარანტინო სივრციდან გადმოყვანილი პაციენტები, რომელთანაც დიაგნოზი დადასტურდა. ისე, თვითდინებით შემოსულ ან სხვა სივრციდან გადმოყვანილ პაციენტებთან დადასტურება არ მომხდარა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.