მარინა ეზუგბაია - ქვეყანაში ​კორონავირუსთან დაკავშირებით ზომიერი კლიმატის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყველა რეგულაციის თანმიმდევრულად შესრულება
მარინა ეზუგბაია - ქვეყანაში ​კორონავირუსთან დაკავშირებით ზომიერი კლიმატის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყველა რეგულაციის თანმიმდევრულად შესრულება

შენარჩუნებული რომ იყოს ზომიერი კლიმატი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით, აუცილებელია ყველა რეგულაციის თანმიმდევრულად შესრულება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„პანიკაზე არ არის ლაპარაკი. ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს პერიოდული მატება, პერიოდული შემცირება. ეს მოსალოდნელია, რადგან გარკვეულწილად მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ „კოვიდი“ არსად წასულა, ჩვენთან არის და იმის გულისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს ის ზომიერი კლიმატი, რაც ჩვენს ქვეყანაშია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით, აუცილებელია ყველა რეგულაციის თანმიმდევრულად შესრულება. თუ არ შევასრულებთ რეგულაციებს, ასეთი მატების მაჩვენებლები მუდმივად გვექნება, მაგრამ ყველა ასეთი მატების შემდეგ მოვახერხეთ ამ სიტუაციის სტაბილიზება და გაუმჯობესება. ალბათ, ისევ ასე განხორციელდება, რადგან შემიძლია, ვთქვა, ჩვეულებისამებრ, თავგანწირულად მუშაობს დაავადებათა კონტროლი კონტაქტის გამოსავლენად, მათი იზოლაციისთვის და აქედან გამომდინარე, დაავადების გავრცელების პრევენციისთვის. მაგრამ იმისთვის, რომ დაავადებათა კონტროლის მუშაობა, სამედიცინო სექტორის მუშაობა იყოს ეფექტური, სამოქალაქო სექტორმა უნდა გაითავისოს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რათა შევინარჩუნოთ ის სიტუაცია, რაც გვაქვს ქვეყანაში. ვთხოვ მოსახლეობას, დაიცვას თავი, რეგულაციები: დისტანცირება, პირბადეების ტარება და დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავის შეკავება, არამარტო თავის შეკავება. ჩვენ თვითონ არ უნდა შევქმნათ ასეთი სიტუაციები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.