მარინა ეზუგბაია - ქართველებმა, განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, მეტ-ნაკლებად მაინც კარგად გადალახეს ეს პერიოდი, შეზღუდვებს დაემორჩილნენ და ვნახეთ, რომ შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა და შემსუბუქება მოქალაქეების თავისუფალ ქცევას არ ნიშნავს.
მისი თქმით, მოსახლეობამ რეკომენდაციები თავად უნდა დაიცვას.
ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ ქართველებმა, თავიანთი განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, მეტ-ნაკლებად მაინც კარგად გადალახეს რთული პერიოდი, შეზღუდვებს დაემორჩილნენ და შედეგებიც კარგია.
„რეგულაციების შესუსტება-შენელება, შემცირება, შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას. მეტ-ნაკლებად ქართველებმა თავიანთი განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილენ, როგორც მოქალაქეები, ისე დანარჩენებიც. აქედან გამომდინარე, ვნახეთ, რომ შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს. აქედან გამომდინარე მივმართავ მოსახლეობას, ყველას, რომ ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომ აუცილებლად გააგრძელოს ის მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 32 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.