მარინა ეზუგბაია - პრეპარატი „პლაქვენილი“ კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლში დაბრუნდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველომ პრეპარატი „პლაქვენილი“ კორონავირუსით მკურნალობის პროტოკოლში დააბრუნა.
„ჩვენც დავაბრუნეთ უკვე „პლაქვენილი“. პროტოკოლში დროებით შეჩერება იყო. გუშინ საღამოს გაკეთდა წერილი, რომლის საფუძველზეც კვლავ აღდგება „პლაქვენილის“ მოხმარება. გამოყენება მოხდება იმ კრიტერიუმებით, რაც მისთვის საჭიროა. ჩვენ ისედაც სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი ვართ, ჩვენ ყველა პაციენტი ჩართული გყვავს კვლევაში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
22 მაისს ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი იყო, რომ „პლაქვენილის“ გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების რისკს ზრდიდა.
კვლევის გამო, რამდენიმე ქვეყანამ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში აღნიშნული პრეპარატის გამოყენება შეწყვიტა, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა მედიკამენტის კლინიკური გამოცდა. „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით „პლაქვენილის“ გამოყენება დროებით შეაჩერეს საქართველოშიც.
ამასთან, ჟურნალმა „ლანცეტმა“ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების „ჰიდროქსიქლოროქინით“ (პლაქვენილით) მკურნალობის რისკების შესახებ პუბლიკაცია უკან გაიწვია.
„ლანცეტის“ განცხადების თანახმად, სტატიის ოთხი ავტორიდან სამმა უარი განაცხადა თავიანთ კვლევაზე, რადგან ვერ შეძლეს იმ მონაცემების დამოუკიდებელი შემოწმების ჩატარება, რომელიც მათ ანალიზს საფუძვლად ედო. ამ განცხადების შემდეგ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევაში „ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) დააბრუნა.