სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, საქართველოში „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით „პლაქვენილის“ გამოყენება დროებით შეჩერდა
სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, საქართველოში „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით „პლაქვენილის“ გამოყენება დროებით შეჩერდა

საქართველოში „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით, „პლაქვენილის“ გამოყენება დროებით შეჩერდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაციამ „პლაქვენილის“ გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო, როგორც სოლიდარობის კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას იზიარებს და შესაბამისად, „პლაქვენილის“ გამოყენებას აჩერებს.

„პლაქვენილის“ გამოყენება დროებით შეაჩერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი მტკიცებულებების გამოჩენის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს „პლაქვენილის“ სარგებელს მასთან დაკავშირებულ რისკებთან შედარებით, მისი გამოყენების შესახებ რეკომენდაცია ისევ გაიცეს, თუმცა ჯერჯერობით ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, „პლაქვენილის“ გამოყენება საქართველოში ყოველთვის ხდებოდა გვერდით მოვლენებზე ძალიან ინტენსიური მონიტორინგის რეჟიმში.

„ყველა პაციენტს, რომელმაც „პლაქვენილი“ მიიღო, ჰქონდა შესაფერისად კარგი გამოსავალი. ამ შემთხვევაში კლინიცისტები საუბრობენ დაავადების მიმდინარეობის შემოკლებაზე, პაციენტებს სერიოზული გვერდითი მოვლენები „პლაქვენილის“ ფონზე არ ჰქონიათ. ამდენად, გარკვეულად იმედგაცრუებაც კი გამოიწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებამ, მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და რა დამატებითი საფუძველი გვექნება იმისთვის, რომ „პლაქვენილი“ ან რომელიმე სხვა ეფექტური მედიკამენტი, რასაც დღეს სოლიდარობის კვლევის ფარგლებში შეისწავლიან, შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მკურნალობის ახალ გაიდლაინს სამინისტრო მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.

დატოვე კომენტარი