მარინა ეზუგბაია - ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, შემთხვევების ზრდა ამ რაოდენობით თუ არ გაგრძელდება, მაშინ პიკზე არ ვისაუბრებთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.
თუმცა, ეზუგბაიას თქმით, შესაძლოა, სხვა დღეებში შემთხვევებმა ამ რაოდენობით არ მოიმატოს, ამიტომ პიკზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
ამ კომენტარით მარინა ეზუგბაიამ უპასუხა კითხვას, 30 ახალი შემთხვევა ნიშნავს თუ არა, რომ ქვეყანა პიკს მიუახლოვდა.
ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში იყო შემთხვევები, როცა ერთ დღეს კორონავირუსის შედარებით დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, თუმცა მეორე დღეს ნაკლები იყო.
„ეს პირველი შემთხვევაა, თუ ასე არ გაგრძელდება, მაშინ ალბათ პიკზე არ ვილაპარაკებთ. იყო შემთხვევა, როცა ერთ დღეს ცოტა უფრო მეტი შემთხვევები იყო, მეორე დღეს ნაკლები. ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ხვალ, ზეგ როგორი მატება გვექნება, ერთი დღე არ არის კანონზომიერი, რომ გავაგრძელოთ შემდეგ დღეებზე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-ს შეადგენს, მათგან 68 გამოჯანმრთელებულია.