მარინა ეზუგბაია - მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის
მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, აუცილებელია, ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს.
„მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს და ვაქცინაცია უშიშრად ჩაიტარონ, რადგან არ არსებობს ისეთი გართულებები, რომელიც საშიშია მოქალაქისთვის. სხვადახხვა ქვეყნაში კვლევებია ჩატარებული, რომ დელტა შტამი, რომელიც უფრო გადამდებია და მძიმე დაავადებას იწვევს, აღმოჩნდა, რომ ინფიცირების 95 პროცენტზე მეტი არის არავაქცინირებულებში და ლეტალობა 99,8 პროცენტი არის არავაქცინირებულ პირებში. ვაქცინირებულ ადამიანებში დაავადება მიდის მსუბუქად და მათთან ლეტალობა არ დაფიქისრებულა. ეს არის ამოსავალი წერტილი და მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიამ ორსულების ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, „ფაიზერის“ ვაქცინა უსაფრთხოა ორსულებისთვის.
„ორსული და მეძუძური ქალების აცრასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ყველგან ერთმნიშვნელოვანია, ასეთ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობა უნდა შეაფასოს ექიმმა. თუ ამ პირების მდგომარეობა ისეთია, რომ შესაძლებელია მათთან ვაქცინაციის ჩატარება. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ისინი მიიღებენ ვაქცინას ყველანაირი გართულების გარეშე, ასეთ შემთხვევაში ნამდვილად უსაფრთხოა „ფაიზერით“ ორსულებისა და მეძუძურების აქცია. „ფაიზერის“ ინსტრუქციაში მითითებულია, რომ უსაფრთხოა ორსულებისთვის. ვაქცინაცია ყველა პირისთვის არის ნებაყოფლობითი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.