მარინა ეზუგბაია - დღევანდელი მონაცემებით შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთან ყველაფერი კვლავ კონტროლს ემორჩილება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის საკმაოდ ბევრი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ახალი წყარო გაჩნდა, დღევანდელი მონაცემები აჩვენებს, რომ ვითარება კვლავ კონტროლს ექვემდებარება.
„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ გვქონდა გარკვეულწილად მატება, ახალი წყაროს გაჩენამ გამოიწვია გარკვეულწილად შიში, რომ შეიძლება სიტუაცია უმართავი გამხდარიყო, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით შეიძლება ვთქვათ, რომ კვლავ კონტროლს ემორჩილება ჩვენთან ყველაფერი“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, საბურთალოს კლასტერის შემთხვევაში, პირველი პაციენტის კონტაქტები მრავალია, თუმცა უკვე ყველა მოძიებულია.
„მართალია, ჩემთვის როგორც ცნობილია, საბურთალოს წყაროს პირველი პაციენტის კონტაქტები მრავალია, მაგრამ ყველა მოძიებულია, ყველა კარანტინშია გადაყვანილი და ხდება თანდათანობით კვლევის ჩატარება.
თუ ინკუბაციური პერიოდის, 14 დღის განმავლობაში გამოვლინდება დაავადება, სხვადასხვა სიმპტომით, ამ პირების გამოკვლევა მაშინვე ჩატარდება, თუარადა გამოკვლევების ჩატარება მოხდება საკარანტინო დღეების გავლის ბოლო პერიოდისთვის, რომ სწორად შეფასდეს პაციენტების ინფიცირების ხარისხი.
კვლევა ჩატარდება როგორც „პისიარ“ კვლევით, ხახის ნაცხზე, ასევე, ალბათ, სეროლოგიური მეთოდითაც. აქედან გამომდინარე, ამ ორი მეთოდოლოგიით ძალიან დაბალი რისკი გვექნება, რომ გამოგვეპარება მათში რომელიმე ინფიცირებული და ის გახდება შემდგომში კიდევ დაავადების გავრცელების წყარო“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.