მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კონტროლი უნდა გამკაცრდეს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სამსახურების მიერ კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს.
ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა 16 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
მარინა ეზუგბაია კვლავ ამახვილებს ყურადღებას რეკომენდაციების დაცვაზე, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება.
„16 აპრილის შემდეგ ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი, რისი მატებაც გვაქვს. მართალია, მატების ძირითადი წყარო საკონდიტრო მაღაზია „დონაა“, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ეს ახალი წყარო ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები შევასრულოთ. თავის დაცვის საუკეთესო საშუალება არის დისტანცირება და პირბადე. ამიტომ, საკუთარ თავს, ყველას მოვუწოდებ, პირბადეების ტარებით და დისტანცირებით დავიცვათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები. სადაც თავშეყრის ადგილებია, უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები შესაბამისი სამსახურების მიერ. მაგალითად, ეს არის სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი და სადაც შესაძლებელია, ათ კაცზე მეტი შეიკრიბოს. ამის შემოწმება და კონტროლი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სამსახურებმა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.