მარინა ეზუგბაია - ლილოს ბაზრობაზე არის კორონავირუსის შემთხვევები, ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რეგულაციები აუცილებლად უნდა დავიცვათ
ლილოს ბაზრობაზე არის ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, „კოვიდი“ არ წასულა, რჩება ქვეყანაში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მოსახლეობასთან კონტაქტი ლილოს ბაზრობაზე მომუშავე ინფიცირებულებს.
„პირებს, რომლებიც ლილოს ბაზრობაზე მუშაობენ, ალბათ გარკვეულ ნაწილს ჰქონდა მოსახლეობასთან კონტაქტი. ჩვენ ვამბობთ, რომ ლილოს ბაზრობაზე არის შემთხვევები. ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს. „კოვიდი“ ქვეყნიდან არ წასულა, ქვეყანაში რჩება, არ აქვს მნიშვნელობა 19 იქნება ახალი დადასტურებული, თუ ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, არსებული რეგულაციები აუცილებლად უნდა შესრულდეს.
„ეს ჩვენი თავდაცვაა. ეს ნიშნავს, რომ სადაც დისტანცირება შესაძლებელია, უნდა დავიცათ. თუ დისტანცირება შეუძლებელია, პირბადეები აუცილებლად უნდა გვეკეთოს. აუცილებელია ხელის ჰიგიენა და პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვა. თავი უნდა შევიკავოთ თავყრილობებისგან და ჩვენ თვითონ, მოსახლეობამ არ უნდა შევქმნათ ასეთი პრეცედენტები, რომ იყოს რეგულაციისთვის დაშვებულ ადამიანთა რაოდენობაზე მეტი. რეგულაციები შექმნილია ჩვენთვის, რათა დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი საყვარელი ადამიანები და ჩვენს გარშემომყოფები. ამიტომ ყველამ გავითვალისწინოთ და დავიცვათ საკუთარი თავი. ვატაროთ პირბადეები, სადაც აუცილებელია, დავიცვათ დისტანცირება და თავი შევიკაოთ თავშეყრის ადგილებიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 19 ახალი შემთხვევიდან რვა ლილოს ბაზრობაზე დაფიქსირდა.