მარინა ეზუგბაია - „კოვიდი“ არსად მიდის, ვთხოვ თითოეულ მოქალაქეს, პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ პრობლემას, თუ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, შევუერთდებით მეორე ტალღას
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ „კოვიდ-19“ არსად მიდის და მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ აღნიშნულ პრობლემას.
მისი თქმით, შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, შენარჩუნდეს უკვე გამომუშავებული უნარ-ჩვევები და თავყრილობებისგან ყველამ თავი შეიკავოს.
„თუ შეზღუდვების მოხსნა ნიშნავს, რომ თავისუფალი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, ეს არ არის სწორი, შეზღუდვების მოხსნა ნიშნავდა, რომ ჩვენ გარკვეულწილად შევინარჩუნოთ არსებული უნარ-ჩვევები, ანუ არ უნდა ვიყოთ თავყრილობებზე, არ უნდა შევქმნათ თავშეყრილობისთვის აუცილებელი პირობა, არ უნდა გავიდეთ სახლიდან ჯგუფურად და სადმე აუცილებელი მიზეზების გარეშე. არის ჩვენი ტრადიციული წეს-ჩვეულებები, რომელთაგან თავის შეკავება გვჭირდება, თორემ მეორე ტალღამდე ჩვენ მატებით წავალთ და შევუერთდებით მეორე ტალღას, მეორე ტალღა კი არ დაიწყება, გაგრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, აუცილებელია სიფრთხილე და აღნიშნული პრობლემისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
„არ არის ეს მარტივი, „კოვიდი“ არსად მიდის, ჩვენთან ერთად რჩება და მასთან ერთად უნდა ვისწავლოთ ცხოვრება, ისე, რომ არ დავიზიანოთ საკუთარი თავი, არ დავაზიანოთ ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები. ვთხოვ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ პრობლემას. არ არის მარტივი სიტუაცია. შეიძლება, ვიღაცისთვის არ ნიშნავს, რომ ეს ინფექცია მძიმე პათოლოგიაა, მაგრამ ასე არ არის. თუ არ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, მეორე ტალღამდე ვერ მივალთ, დაგვეწყება მატება, პირდაპირ შევუერთდებით მეორე ტალღას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.