მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებულთა ზომიერი, კონტროლირებადი მატება შემთხვევითი არაა, ეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის განსაკუთრებული მუშაობის შედეგია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების ზომიერი, კონტროლირებადი მატება შემთხვევითი არ არის და ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კარგი მუშაობის შედეგია.
„ჩვენი ქვეყნის დაავადებათა კონტროლი არის საუკეთესო სამსახური, რომელმაც დღემდე მოიყვანა ქვეყანა ისე, რომ ზომიერი, კონტროლირებადია დაავადებების მატება და ეს შემთხვევითი არ არის, ეს არის ამ სამსახურის განსაკუთრებული მუშაობის შედეგი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაიამ ისაუბრა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დღევანდელ მონაცემებზე და აღნიშნა, რომ ინფექციურში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს, კლინიკას ერთი ახალი გამოჯანმრთელებული ჰყავს.
„რვა ახალი შემთხვევიდან არც ერთი ჩემს ცენტრში არ მოთავსებულა. ძველი პაციენტებიდან ერთი გამოჯანმრთელა. ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრს ჰყავს 40 დადასტურებული შემთხვევვა.
კვლავ გვყავს ერთი მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობა, საბედნიეროდ, სტაბილურია. უკვე მეორე დღეა, პროგრესირება აღარ შეიმჩნევა. აქედან გამომდინარე, ალბათ მალე გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყება. დანარჩენი შემთხვევები საშუალო და მსუბუქია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რა შემთხვევაშია კორონავირუსით ინფიცირებული ვირუსის გამავრცელებელი.
მისი თქმით, ვირუსის გამავრცელებელია ინფიცირებული ყველა პაციენტი – უსიმპტომოც და გამოხატული სიმპოტომების მქონეც, თუმცა განსხვავება დაავადების გავრცელების ხარისხშია.
ამასთან, ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული პაციენტები დაავადების ბოლომდე გამავრცელებლები არიან, თუმცა ინფექციის ყველაზე მაღალი გადადების პერიოდი ინფიცირებიდან მე-7, მე-8 დღეა.
„ვირუსის გამავრცელებელი არის ყველა პაციენტი. ეს იქნება უსიმპტომო მტარებელი, თუ პაციენტი, რომელსაც მინიმალური სიმპტომატიკა ქვს გამოხატული. განსხვავებული სიმძლავრით ხდება დაავადების გავრცელება, ყველაზე მაღალი ხარისხით გავრცელება ხდება კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან მეოთხე დღის პერიოდში.
დაავადების ინფიცირებიდან ბოლომდე პაციენტები არიან გადამდებნი. მაგრამ, ზოგადად, ყველაზე მაღალი გადადების პერიოდი, პიკი არის ინფიცირებიდან სადღაც ერთი კვირის თავზე, მე-7, მე-8 დღეს და შემდეგ მცირდება, მაგრამ ეს მონაცემები მუდმივად იცვლება, არ არის მყარი.
ამ ექვსი თვის განმავლობაში, რაც ჩინეთში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, ბევრჯერ შეიცვალა მონაცემები. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ გავრცელების ყველაზე მაღალი ხარისხი არის დაავადების გამოვლენიდან მე-7, მე-8 დღეს. მას შემდეგ თითქოს უნდა შემცირდეს, მაგრამ ალბათ ეს მონაცემები ცვალებადი იქნება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.