მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული თავდაცვის სამინისტროს ექვსი თანამშრომლის მდგომარეობა მძიმე არ არის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული თავდაცვის სამინისტროს ექვსი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, არც ერთი მათგანი სამხედრო პირი არ არის. მისივე თქმით, ბოლომდე არ არის დადგენილი ინფიცირების პირველწყარო. ეზუგბაია აცხადებს, რომ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
„ეს ექვსი პაციენტი არიან სამოქალაქო პირები, არც ერთი არ არის სამხედრო პირი. ეს ჯგუფია, რომელსაც სამსახურეობრივი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. პირველ წყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს, არ არის ბოლომდე დადასტურებული ინფიცირების წყარო. გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი ექვსივე პაციენტი. მათი მდგომარეობა არ არის მძიმე და მეთვალყურეობა გრძელდება, ალბათ გამოსავალი არ უნდა იყოს სერიოზული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი, მათგან ორი ბავშვია. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 პირია.