მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პრობლემური პაციენტიდან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა
თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ოთხი პაციენტის მდგომარეობა კვლავ პრობლემურია.
მისივე თქმით, მათგან ორის მდგომარეობა განსაკუთრებუით მძიმედ ფასდება.
„ჩვენს ცენტრში ოთხი მძიმე, პრობლემური პაციენტია, მათ შორის ორი განსაკუთრებით მძიმეა, თითქმის კრიტიკულია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის სტაბილური. დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა მაინც გარკვეულწილად კვლავ მძიმედ რჩება. ამიტომ პროგნოზზე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებული ექიმი არ ჰყავთ.
„ექიმთან დაკავშირებით მე არ ვიცი, რომელ კოვიდის მიმღებ დაწესებულებაზეა საუბარი. ჩემი დაწესებულება არ არის, ჯერჯერობით ყველაფერი მშვიდადაა“, – დასძინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განმარტებით, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსზე ტესტი კიდევ 12 პაციენტს ჩაუტარდება და შედეგები ხვალ დილით გახდება ცნობილი.