მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის წყარო ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა სამსახურებრივად მას აქვს ურთიერთობა უცხოელებთან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული ახალი პაციენტის დაინფიცირება მოგზაურობას არ უკავშირდება.
როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 33 პაციენტი მკურნალობს, სულ, კორონავირუსის დადასტურებიდან დღემდე კლინიკამ ამ დიაგნოზით 46 პაციენტი მიიღო.
მისივე ინფორმაციით, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ითვლება, თუმცა ორი მათგანის მდგომარეობა დასტაბილურდა.
„ოთხი მძიმე პაციენტიდან კარგი არის ის, რომ ორი პაციენტის მდგომარეობა უკვე რამოდენიმე დღეა, დასტაბილურდა. შესაძლებელია ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება. ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე და კრიტიკულია. ერთი გვყავდა კრიტიკული განსაკუთრებით, ასაკოვანი ქალბატონი, რომლის მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მიღებული პაციენტის მდგომარეობაც დამძიმდა, ისიც კრიტიკულია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა და ვნახოთ, პროგნოზირება შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღეს მეთვალყურეობის შემდეგ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ერთ ახალ პაციენტს, ეზუგბაიას თქმით, მას გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი და კვლევის პროცესშია.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, მოგზაურობის ისტორია არ არის, სამსახურებრივად აქვს ურთიერთობა უცხოელებთან. არასწორი ინფორმაცია რომ არ მოგაწოდოთ ვცდილობ, არ გითხრათ არ დავაკონკრეტო, რადგან ჩემთვის ეს მაინც უცნობია, წყარო კვლევაშია და ამ წყაროს აუცილებლად მოგახსენებენ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია, გაუარესება არ შეინიშნება, პირიქით, გაგრძელდება კვლევები.
„იწყება მათი განმეორებითი კვლევები და ალბათ, მათთანაც დადგება გამოჯანმრთელება და დატოვებენ ჩვენს ცენტრს, ამის იმედი გვაქვს. დასაწყის პერიოდში, როცა დაიწყო კოვიდის გამოვლენა, მეტ-ნაკლებად ჭარბობდა ახალგაზრდა და საშუალო ასაკი, ბოლო 10 დღეა, შეიცვალა ასაკობრივი სპექტრი. სამოც წელს გადაცილებული უკვე შვიდი პაციენტია ამ 85-ში, 70 წელს გადაცილებული – სამი და 80-ს გადაცილებული -ორი. ასაკს იმიტომ ვაქცევთ ასეთ ყურადღებას, რომ ასაკი გარკვეულწილად მაღალი რისკის შემცველია და ასეთ პაციენტებთან დაავადების მიმდინარეობის პროგნოზი და გამოსავალი რთულია. ამაზე ლაპარაკი ასეთი მარტივი არ არის, აუცილებლად მოითხოვს დინამიურ მეთვალყურეობას და მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ გამოსავალზე საუბარს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.