მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირების ხუთი შემთხვევიდან ორი ქვეყანაში ახალი შემოტანილი შემთხვევაა, დანარჩენი კი ჩვენი პაციენტების კონტაქტებია
თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ორი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება, დანარჩენები კი სხვა ცენტრებში არიან მოთავსებული.
ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირების ხუთი შემთხვევიდან ორი ქვეყანაში ახალი შემოტანილი შემთხვევაა, დანარჩენი კი პაციენტების კონტაქტებია.
ეზაუგბაია ამბობს, რომ ყველა პირის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, დანარჩენი პაციენტები სხვა ცენტრებში არიან მოთავსებული. მათგან ერთი არის ჩვენთან მოთავსებული პაციენტებიდან ერთი-ერთი ჯგუფის კონტაქტი, ორი არის შემოტანილი შემთხვევა და მათი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. წუხელ გვიან გახდა ცნობილი ეს მონაცემები.
ის, ვინც ჩვენი პაციენტების კონტაქტები არიან, რა თქმა უნდა, ყველანი იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან საკარატნიო სივრცეში. ხუთიდან თუ არ ვცდები, ორი არის ახალი შემოტანილი შემთხვევა, რომელიც შემოტანილია და დადასტურებულია. ანუ საზღვრის გადმოკვეთასთან ერთად არის ცნობილი. როგორც ვიცი, ისინიც საკარანტინო სივრცეში მოთავსდნენ, მაგრამ ახალი შემოტანილი შემთხვევებია. დანარჩენი, როგორც გითხარით, ჩვენი პაციენტების კონტაქტებია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.