მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელია, მაგრამ თუ ასეულები არ იქნება, პრობლემას შედარებით ადვილად გადავლახავთ, ამისთვის აუცილებელია, დარჩეთ სახლში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმედი აქვს, მომდევნო დღეებში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 24 საათში 30-ზე მეტი არ იქნება.
ეზუგბაიას თქმით, შემთხვევების მატება მოსალოდნელია, თუმცა თუ ასეულები არ იქნება, ამ პრობლემას შედარებით ადვილად გადავლახავთ.
ამიტომ, მარინა ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ ყველას მოუწოდა, სახლში დარჩნენ.
„შიდა გავრცელების ეტაპზე ჩვენ გადასულები ვართ უკვე, უბრალოდ აქ ლაპარაკია ალბათ გარკვეულწილად უფრო მომატებაზე, რადგან დღეს დაფიქსირდა პირველი დღე, როცა ტესტირების შედეგად 30 ახალი პაციენტი შემოგვემატა. ვიმედოვნებ, ხვალ და ზეგ ეს მაჩვენებელი არ იქნება 30-ზე მეტი, პირიქით იქნება ნაკლები. ამ შემთხვევაში შეიძლება, შედარებით წყნარად ვიყოთ. საერთოდ, შემიძლია ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია დაავადების მატება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ასეულები არ იქნება და იქნება მხოლოდ ათეულები, ალბათ ამ პრობლემას შედარებით ადვილად გადავლახავთ. ამისთვის აუცილებელია, დარჩით სახლში, სულ ამას ვლაპარაკობთ, დარჩით სახლში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენლის კითხვაზე, მათ შორის საეკლესიო რიტუალების დროს?, ეზუგბაიამ ასე უპასუხა:„ყველა შემთხვევაში, როცა საჭიროა, თქვენ რატომ გაწუხებთ ხოლმე მარტო საეკლესიო რიტუალები? განსაკუთეებით თქვენს არხს აწუხებს ეს. აქტუალური თემა ბევრი რამეა. დარჩი სახლში, ყველაზე ვრცელდება, რა და როგორ, ეს უკვე ჩვენი სქმე არ არის, თვითონ გაარკვევენ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.