მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის დადასტურებისთანავე პაციენტები კლინიკებში გადმოყავთ, სიმპტომების დაწყებას არავინ ელოდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ნებისმიერი პაციენტი, კორონავირუსის დადასტურებისთანავე კლინიკებში გადაჰყავთ და ამიტომ, დაგვიანებულ შემთხვევებზე ვერ ისაუბრებს.
აღნიშნული კომენტარით ეზუგბაიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „პაციენტების მდგომარეობის დამძიმების ერთ-ერთი მიზეზი ხომ არ არის დაგვიანებული ჰოსპიტალიზება“.
„ყველა პაციენტის დადასტურება ხდება თუ არა, პაციენტები კლინიკებში გადმოყავთ, არავინ ელოდება იმას, რომ – შენ დარჩი სახლში, ვიდრე არ დაგეწყება სიმპტომი, სინდრომი არ მოგვაკითხო. ყველა დადასტურებული ყოველთვის თავსდება სტაციონარში. ამის გამო გვაქვს ალბათ ასეთი დადებითი და კარგი ეფექტები, მაგრამ როდესაც კონტაქტებზე ვლაპარაკობთ და ვიცით, რომ ეს პაციენტები კონტაქტში იყვნენ, დასაწყის პერიოდში, ვიდრე კლინიკა არ გამოუვლინდებათ, ასეთი პაციენტების ტესტირებაზე თავს ვიკავებთ, რომ არ იყოს უარყოფითი პასუხი, არასწორი. ანუ, ნაადრევად გაკეთებული, რომელიც ჭეშმარიტი არ იქნება და შემდეგ არ გაგვეპაროს კლინიკა.
ამიტომაა, რომ კონტაქტების ტესტირებას ცოტა მოგვიანებით ვაწარმოებთ ხოლმე, თუ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა. თუ პაციენტებთან დაავადებამ დასაწყისშივე პროგრესირება დაიწყო, იქაც კონტაქტირებული, მაშინვე ხდება მათი ტესტირება და სტაციონარში გადმოყვანა. ან პირიქით, სტაციონარში გადმოყვანა და აქვე ტესტირება. ორივე ვარიანტი ხდება“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.