მარინა ეზუგბაია - ინფიცირებულთა ათეულობით ზრდისას რესურსი გვეყოფა, მთავარია, ასეულებზე არ გადავიდეთ
მარინა ეზუგბაია - ინფიცირებულთა ათეულობით ზრდისას რესურსი გვეყოფა, მთავარია, ასეულებზე არ გადავიდეთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კოვიდინფიცირებულების რიცხვი ასეულობით თუ არ მოიმატებს, ქვეყანას არსებული რესურსი ეყოფა. რესურსის უკმარისობის შემთხვევაში კი, შესაძლებელი იქნება, გადაიხედოს ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის კრიტერიუმები.

ამასთან, როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველმა ექიმებმა უკვე მიიღეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის გამოცდილება.

„370 პაციენტიდან თითქმის 80 გამოჯანმრთელდა. ამ რაოდენობას რომ გამოაკლებთ, გარკვეულწილად, გამოჯანმრთელებულების შემატება საწოლებსაც ათავისუფლებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, 290-ზე მეტი პაციენტი არ არის. თუ ისე იქნება, რომ 30-ზე მეტი არ მოემატება და ამ დროს ყოველდღიურად გაეწერება, გარკვეულწილად პიკის პერიოდი შეიძლება ისე გადავიაროთ, რომ 480 საწოლი, რომელზეც პირველ ჯერზეა ლაპარაკი, საკმარისი იყოს. თუ არადა, იცით, რომ მეორე და შემდეგი გეგმებია, რომელზეც უკვე 3 000-ზე მეტი საწოლია.

ვფიქრობ, ჯერჯერობით რესურსი გვეყოფა. თუ ასე გაგრძელდება, რესურსი გვეყოფა. ზუსტად იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ათეულების რესურსი გვეყოფა. მთავარია, ასეულებზე არ გადავიდეთ. თუ ასეულებზე არ გადავალთ, ეს რესურსი გვეყოფა. რესურსი გამოიძებნება, ხედვა შეიცვლება, გადაიხედება დაწოლისა და გაწერის კრიტერიუმები. რესურსი სრულიად საკმარისი იქნება.

გარკვეულწილად, ჩვენ უკვე მივიღეთ პაციენტების მართვის გამოცდილება, უკვე საკმარისია. 100-ზე მეტი პაციენტი გავატარეთ და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებული კრიტერიუმებით, მათი სიმძიმე და მათი პროგნოზირება, ვისთან, როგორ, რა შეიძლება წავიდეს.

აქედან გამომდინარე, რესურსის უკმარისობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, გადაიხედოს ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის კრიტერიუმები. ამაზე საუბარი ადრეა და ნუ ვილაპარაკებთ, მაგრამ ესეც შესაძლებელია გაკეთდეს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.