მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ინფიცირებული 27 პაციენტიდან ოთხი არასრულწლოვანია
თბილისის ინფექციურ საავამდმყოფოში მოთავსებული ინფიცირებული 27 პაციენტიდან ოთხი 14 წლამდე ასაკისაა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„დღეს შემოგვემატა ხუთი ახალი პაციენტი. მათი ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. ასაკობრივად განსხვავებული ზღვრული მონაცემებია ყველასთან. მხოლოდ ორ პაციენტთან არის ტემპერატურა 37,2, ჯერ დანარჩენ პაციენტებთან კლინიკა ძალიან მინიმალური სიმპტომატიკით არის გამოხატული. ჩვენს სტაციონარში მკურნალობს 27 დადასტურებული პირი. ეს ხუთივე პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. დაკვირვების ქვეშ იყვნენ, რადგან როგორც ვიცით, ოთხი წყაროდან ერთ-ერთ წყაროსთან იყვნენ კონტაქტში. კონტაქტირებული პაციენტები იყვნენ, იზოლირებულნი იყვნენ და მათზე მიდიოდა დაკვირვება. როდესაც გამოვლინდა კლინიკური ნიშანი ტემპერატურის სახით ამ ორ პირთან, ჩაითვალა საჭიროდ, რომ გაკეთებულიყო ტესტირება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური მეთვალყურეობს თვითიზოლაციაში მყოფ კონტაქტირებულ პირებს, თვითონაც კონტაქტში არიან და მეთვალყურე პატრონაჟი ეპიდემიოლოგი ჰყავთ, რომელიც ყოველდღიურ კონტაქტშია ასეთ პაციენტებთან. ინფექციურში მყოფი, დადასტურებული 27 პაციენტიდან ოთხი პაციენტი არის 14 წლამდე ასაკის, ასაკს არ ვასახელებთ. ამ ხუთ პაციენტს ჰქონდა დადასტურებულ პირთან კონტაქტი. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი თვითიზოლაციაში, მეთვალყურეობისა და დაკვირვების ქვეშ, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ ინფექციით დადასტურებულ პირთან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, დღეს კორონავირუსზე ტესტირებისთვის აღებულია 22 პირის ნიმუში და მათი პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ხუთ პირს ინფექცია დღეს დაუდასტურდა.